„სინოდი და პატრიარქი შოთაძის პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას არ ენდობა“
2017-10-13 00:00:30 · ამობეჭდვა

წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის შექმნას უკავშირდება, წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. მისი თქმით, სინოდის მიერ შექმნილ შემსწავლელ კომისიას იურიდიული ძალა არ ექნება, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი ის კითხვის ნიშნებია, რომელიც პროკურატურამ გამოძიებისას მრავლად დატოვა:

„მართლაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო ის, რომ ეკლესიამ საჭიროდ ჩათვალა თავისი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. ეს პრაქტიკულად არის იმის დადასტურება, რომ სინოდი და პატრიარქი შოთაძის პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიება არ ენდობა. ერთ ერთმა მეუფემ იხმარა ტერმინი, რომ ვინაიდან არსებობს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი - და ეს არის სწორი. საზოგადოებას აქვს განსაკუთრებული ინტერესი, რომელიც პროკურატურის ძიებამ ვერ დააკმაყოფილა. ის, რომ სინოდის მიერ ჩატარებულ გამოძიებას საპროცესო კოდექსის ძალა არ ექნება, ეს გასაგებია. ტერმინზე კი არ არის საქმე. საქმე არის იმაში, რომ პროკურატურას რომ ჩაეტარებინა ძიება და საზოგადოებას რომ ჰქონოდა განცდა, რომ მამა გიორგი ციანიდით აპირებდა ვიღაცის მოწამვლას, არც სინოდი და არც ვინმე სხვა ცალკე პროცესს არ დაიწყებდა. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. პროკურატურამ ნებსით თუ უნებლიედ ეს კითხვის ნიშნები დატოვა“ განაცხადა კახა კუკავამ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას.





გაზიარება და მოწონება