შსს ვიდეოს ავრცელებს, სადაც ასახულია, როგორ გეგმავენ „გორგიას“ დირექტორის გატაცებას(ვიდეო)
2017-10-12 20:13:23 · ამობეჭდვა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს. განზრახვის აღსრულების მიზნით, მათ დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მას აკვირდებოდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სამოქმედო სქემაც წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის მომზადების პროცესში დააკავეს.





გაზიარება და მოწონება