2017-09-22 15:20:56
ლეილა მუსტაფაევას ფოტოებზე დაფიქსირებული პირები დაუკავშირდნენ -აფგან მუხტარლის მეუღლე პროკურატურაში იმყოფება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც მისი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხდებს, მათი დაბარება, სავარაუდოდ, 19 სექტემბერს გასაჯაროვებულ ფოტო და ვიდეომასალას უკავშირდება, რომელიც მუხთარლისა და მისი ოჯახის თვალთვალს შეეხება. ჩოფიკაშვილის თქმით, ფოტოების გასაჯაროვების შემდეგ ლეილა მუსტაფაევას სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდნენ ფოტოებზე დაფიქსირებული პირები და მუხთარლის საქმესთან რაიმე კავშირი უარყვეს. 

"19 სექტემბერს გავასაჯაროვეთ იმ ადამიანების ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ეჭვი იყო, რომ უთვალთვალებდნენ აფგან მუხთარლის გატაცებამდე და მისი ოჯახის წევრებს. ამ ფოტომასალის გასაჯაროვების შემდეგ სოციალურ ქსელებში გარკვეული პირები გამოვიდნენ კონტაქტზე და თავის მართლება დაიწყეს, რომ ისინი არაფერ შუაში არ არიან ამ საქმესთან და ა.შ. ჩვენ არ გვქონია იმის ილუზია, რომ ამ სურათების გამოქვეყნების შემდეგ ვინმე აღიარებითი ჩვენებით მივიდოდა პროკურატურაში. დღეს დამატებით დაგვიბარეს პროკურატურაში. ჩემი ვარაუდით, ამ ადამიანებთან დაკავშირებით მათ უკვე უნდა ჰქონდეთ კონკრეტული შედეგები და პასუხები, თუ რა რალს ასრულებდნენ ეს ადამიანები იმ დანაშაულში და იგეგმება თუ არა ახალი დანაშაული ამჟამად...ლეილა მუსტაფაევას თავდაპირველად გამოეხმაურნენ ის ადამიანები, ვისი ფოტოებიც გაასაჯაროვეს, შემდეგ უკვე მათი ახლობლები ეკონტაქტებოდნენ. ეს ადამიანები გარკვეულწილად თავს იმართლებდნენ და ამბობდნენ, რომ იქ სადაც სურათებია გადაღებული, შემთხვევით მოხვდნენ", - აღნიშნა არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში.

ამავე თემაზე