2017-08-16 19:24:00
ეკონომიკის სამინისტროს განცხადება ჩოგოვაძესთან დაკავშირებით

ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდამ გათავისუფლებას არ ადასტურებს. ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს:

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მითუმეტეს, აბსურდულია გიორგი ჩოგოვაძის ჯემ - ფესტის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირება - ამ ფესტივალს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები და მათ შორის გიორგი ჩოგოვაძე ნამდვილად არ არის. გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თითქმის 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში საქართველომ ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც სახელმწიფოს ტურიზმის სექტორში ჩართულ სხვადასხვა უწყებებს, ასევე კერძო სექტორს და, რა თქმა უნდა, ტურიზმის ადმინისტრაციას. სწორედ ამ მიღწევებმა ტურიზმის სექტორში კიდევ უფრო მეტად გამოავლინა ახალი გამოწვევები და თვალსაჩინო გახადა არსებული პრობლემები, რომლებსაც ადეკვატური და სწრაფი საპასუხო ქმედებები სჭირდება. ამ გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ ყველა უწყებასთან, როგორც სტრუქტურულ, ასევე შინაარსობრივ რეფორმებზე. როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია ამ მიმართულებით სამუშაო პროცესის გააქტიურებამ, რაც თავის მხრივ, უკავშირდება წლევანდელი ტურისტული სეზონის რეკორდულ მაჩვენებლებს, რომლის ფონზეც აშკარაა, რომ ბევრი რამ არის გასაძლიერებელი და დასახვეწი. ჩვენი გუნდი წარმატებით უპასუხებს ახალ გამოწვევებს და ამ პროცესში ყველა, მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელიც საკუთარ წვლილს შეიტანს. აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დაუშვებელია მიზანმიმართულად გავრცელებული, არასწორი ინფორმაციებით ჩრდილი მიადგეს იმ მიღწევებს, რომელიც აქვს ქვეყანას." ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე