2017-05-27 12:30:55
ვისურვებდი, რომ უფრო მეტი დამოუკიდებელი წევრი ყოფილიყო - ომბუდსმენი ევროსასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კომისიაზე

ვისურვებდი, რომ კომისიაში უფრო მეტი დამოუკიდებელი წევრი ყოფილიყო - ეს განცხადება, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაზე საუბრისას გააკეთა. ომბუდსმენს, რომელიც კომისიის ერთ-ერთი წევრია, მის შემადგენლობასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს. 

„მე ვისურვებდი, რომ კომისიაში უფრო მეტი დამოუკიდებელი წევრი ყოფილიყო, უფრო მეტი ბალანსი ყოფილიყო კომისიაში, მეტი ადამიანი აკადემიური წრიდან, სამოქალაქო სექტორიდან, თუმცა დავაკვირდებით კომისიის მუშაობის მსვლელობას. იმედი მაქვს, რომ არათანაბარი მოპყრობის ფაქტები არ იქნება დაფიქსირებული,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. კონკურში 23 კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპი - უცხო ენაში გამოცდა უკვე ჩააბარეს.

სამთავრობო საკონკურსო კომისია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 5 კანდიდატს შეარჩევს. შემდეგ მთავრობას წარუდგენს, საიდანაც 3 კანდიდატი შეირჩევა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება, ხოლო სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ერთი კანდიდატი შეირჩევა.

ამავე თემაზე