მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა-პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა
2017-04-21 16:22:41 · ამობეჭდვა

საქართველოს პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ერთხმად დაამტკიცა. კანონპროექტს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი და მას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებითა და თანდევი პროექტების პაკეტის თანახმად, შემოდის მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესი. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს. აღნიშნული ვადის გასვლამდე, პირი მართვის უფლების აღდგენას შეძლებს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ხოლო თუ მას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეორედაც ამოეწურა მინიჭებული ქულები, იგი მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე ვეღარ შეძლებს გამოცდის ჩაბარების გზით მართვის უფლების აღდგენას.

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა.

"მესამე მოსმენით განვიხილეთ „საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი“. ეს კანონი ძალაში შევა 1-ელი ივლისიდან. ჩვენ სწორედ ამ დროიდან გვექნება ქულათა სისტემა მართვის მოწმობაზე, ასევე ამოქმედდება უკონტაქტო პატრულირება. უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ მოვემზადოთ ამ კანონის აღსრულებისთვის. ორი თვე ჩვენ დავიტოვეთ, რათა მოქალაქეებს სწორად განვუმარტოთ, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია რა ახალი წესები იქნება, როგორ აღსრულდება ეს წესები. ამ დროის მანძილზე იქნება აქტიური საინფორმაციო კამპანია. ვეცდებით, ყველამ იცოდეს როგორ უნდა შეამოწმონ თუ რამდენი ქულა დარჩა და რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.







გაზიარება და მოწონება