2017-03-02 16:36:34
ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

თავდაცვის მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები, ტრანსფორმაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და დასახული ამოცანები ის მთავარი საკითხებია, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს გააცნო.

საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გენერალ პეტრ პაველმა პირველი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გამართა, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ქართული მისიის ხელმძღვანელი ნატოს მისიაში ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ.

მხარეებმა ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე იმსჯელეს. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე თავსებად და დასაყრდენ მოკავშირეს რეგიონში, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს არამარტო ევროატლანტიკური, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მექანიზმებს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს.

ლევან იზორიამ ნატოს უმაღლეს სამხედრო პირს მადლობა გადაუხადა ალიანსის წევრი თითოეული ქვეყნის მიერ იმ მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ნატოსთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებას. მისივე თქმით, ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო, უკვე მეორედ ეწვია საქართველოს, რაც ნათლად ადასტურებს ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

გენერალ პეტრ პაველთან შეხვედრა, ნატოს სამხედრო კომიტეტის სამხედრო წარმომადგენლებთან ერთად გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ნატოს გენერალურმა მდივანმა, გენერალმა პეტრ პაველმა მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართეს და ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ამავე თემაზე