დამოუკიდებელი ინსპექტორი-სასამართლო სისტემაში ახალი ინსტიტუტი იქმნება
2017-01-12 13:03:08 · ამობეჭდვა

სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი ყალიბდება, რომლის ინსპექტორები კონკურსის წესით შეირჩევიან. ამის შესახებ განცხადება უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ გააკეთა:

,,კანონის გარდამავალ დებულებებში გაწერილია უკვე კონკრეტული ვადები. საბჭომ დაიწყო მუშაობა, ჩვენ ამ კვირაშიც გვაქვს სხდომა, სადაც იურიდულ სამსახურს მიეცემა დავალება, რომ მომზადდეს, ის კანონქვემდებარე იურიდიული აქტები, რომლებიც რიგი დებულებების ასამოქმედებლად იქნება საჭირო, მათ შორის დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ასამოქმედებლად. მოგეხსენებათ, ის იქნება საჯარო მოხელე, რომელიც კონკურსის წესით განწესდება და ბუნებრივია, საბჭო მობილიზებულია, რომ კანონის ეს განაწესი სრულყოფილად ვადებში იქნას შესრულებული. ბუნებრივია, გამოცხადდება კონკურსი და კონკურსის წესით მოხდება თანამდებობის დაკავება. კრიტერიუმები ის არის, რომ უნდა იყოს იურისტი და უნდა ჰქონდეს პროფესიული გამოცდილება მინიმუმ 10-წლიანი ვადით მაინც. ჩვენ, ბუნებრივია, დავიცავთ კანონის მოთხოვნებს და ყველა ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც საჭირო იქნება ამ ინსტიტუტის ასამოქმედებლად საბჭოს მიერ იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა მართლმსაჯულების სისტემის ე.წ. მესამე ტალღის ფარგლებში გადაწყდა. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს მიიღო.





გაზიარება და მოწონება