"რასაც ჩაგძახებენ იმას ამოსძახებთ... თქვენს სახეზე ვხედავ ამ ზიზღს"- რჩეულიშვილის მიმართვა სასამართლოზე
2017-01-12 12:56:27 · ამობეჭდვა

თქვენ ისეთი პირობები შექმენით საავადმყოფოში, რომ ავადმყოფმა ქალმა კლინიკაში დარჩენას არჩია საპატიმროში დაბრუნება, - ასე მიმართა "ცენტრ პოინტის" საქმის, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის საქმის პროკურორებს გურამ რჩეულიშვილმა, რომელმაც პროკურორებს მიმართა და ურჩია, რომ "ამ საქმეს სიძულვილით არ მიუდგნენ".

"როცა თქვენ ამ საქმეს უდგებით სიძულვილით, არ მგონია, რომ რამე ობიექტური გამოვიდეს აქედან. თქვენ ისეთი პირობები შექმენით საავადმყოფოში, რომ ავადმყოფმა ქალმა კლინიკაში დარჩენას არჩია საპატიმროში დაბრუნება და იქ ყოფნა, ისეთ მდგომარეობაში როგორშიც არის. კერძოდ, არის სუსტად. მნიშვნელობა არ აქვს კეთილთვისებიანია თუ არა სიმსივნე. ყველანაირად შეეცადეთ, რომ 60 წლის ქალისთვის შეგექმნათ ისეთი პირობები, რომ დაეტოვებინა საავადმყოფო, სადაც მართლა კარგი პირობებია და არის გადასარევი დაწესებულება და დაბრუნებულიყო კამერაში, რომელიც მაიას დღევანდელ მდგომარეობას უფრო გაუსაძლისს ხდის. მესმის, რომ რასაც ჩაგძახებენ იმას ამოსძახებთ, მაგრამ ზიზღი რა საჭიროა. თქვენს სახეზე ვხედავ ამ ზიზღს.მგონია, რომ სუბიექტური ზიზღი გაქვთ და ვერ ვხვდები რატომ. თქვენ ვერ განიხილავთ ამ საქმეს, თუ ასე მიუდექით.

ქალბატონო მოსამართლე, როდესაც თქვენ დაუტოვეთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დედაჩემს და არ შეუცვალეთ გირაოთი, ამ გადაწყვეტილებაში არაფერი ჰუმანური არ ყოფილა. ქალის მიმართ, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, ჯერჯერობით უდანაშაულოა, თქვენ წინ და წინ განწყობილი ხართ და ვერდიქტი თქვენს თავში ალბათ გამოტანილი გაქვთ და ეს ყველაფერი ფარსია, რაც აქ მიმდინარეობს. ადამიანი, რომელიც, ასე ვთქვათ, 50%-ით მაინც უდანაშაულოა და ავად არის, თქვენ დატოვეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თქვენი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ იურიდიული ნორმების და ფაქტების განხილვა კი არ მიმდინარეობს, არამედ ჭორებისა და წინაწარი განწყობების განხილვა მიდის, რაც საზოგადოებაშია და მართლა არაჰუმანურია თქვენი მხრიდან ეს", - აღნიშნა გურამ რჩეულიშვილმა.







გაზიარება და მოწონება