2016-08-11 13:11:15
თბილისში ბელარუსის ნაციონალური გამოფენა გაიმართება

1-4  სექტემბერს თბილისში ბელორუსის ნაციონალური გამოფენა გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს საზოგადოებას საქართველოსა და ბელორუსის სავაჭრო პალატების წარმომადგენლებმა, ასევე თბილისის მერის მოადგილემ- ირაკლი ლექვინაძემ მიაწოდეს. ღონისძიება საქართველოსა და ბელარუსის  სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით გაიმართება. მისი ჩატარება მინსკში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სტუმრობის დროს გადაწყდა. 

ნაციონალური გამოფენა წლის განმავლობაში  ბელარუსის რესპუბლიკის მიერ- ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. მის  ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელარუსში  ნაწარმოები პროდუქცია და კულტურული პროგრამა, სადაც მონაწილეობას ბელარუსში მოღვაწე არტისტები მიიღებენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას ბელარუსის რესპუბლიკის მოწინავე საწარმოები მიიღებენ. მათ შორის იქნებიან მანქანათმშენებლობის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და ნავთობ-ქიმიური მრეწველობის წარმომადგენლები. ასევე ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ჯანდაცვის, სპორტის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და  ლოჯისტიკის მიმართულებები,  სამეცნიერო მიღწევები და საგანმანათლებლო სერვისები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამომხმარებლო საქონელი და სხვ.

ღონისძიების დაგეგმვის პროცესში საქართველოში უკვე იმყოფებოდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს - ნინო ჩიქოვანს შეხვდა. ასევე, საორგანიზაციო საკითხების შესახებ ბელარუსის მხარემ შეხვედრები გამართა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან, თბილისის მერიასა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან.

ბელარუსის  ნაციონალური გამოფენა 1-4 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართება. ღონისძიება  მასშტაბური გამოფენა-ფორუმის მოწყობას ითვალისწინებს, რომელიც  საქართველოსა და ბელარუსს  შორის იმპორტ-ექსპორტის ხელშეწყობას და ქვეყნების ბიზნეს სექტორის დაახლოებას შეიწყობს ხელს.  პროექტი  თბილისის მერიის და აკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ამავე თემაზე