2014-02-10 12:49:31
ლარის ხელოვნური გაუფასურება?-ახალგაზრდა ეკონომისტების დასკვნა

ლარის გაუფასურების მთავარი მაპროვოცირებელი ფულის მასის ხელოვნური ზრდა გახდა, ლარის ხელოვნური გაუფასურება კი, გარკვეულწილად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებთან არის დაკავშირებული. – მიიჩნევენ ახალგაზრდა ეკონომისტები.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (AYEG), რომელმაც ბოლო პერიოდში აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის ცვლილების მიზეზები შეისწავლა, აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებები ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებებზე სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ორგანიზაციამ გადაამოწმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადება – ”თუ ნახავთ ნებისმიერი ვალუტის კურსს, ბელარუსის გარდა, ზუსტად ისე იცვლება, როგორც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში“ და აღმოაჩინა, რომ ლარი კურსი 2013 წლის 30 ნოემბრიდან (1 აშშ. დოლარი=1.663 ლარი) 2014 წლის 29 იანვრის ჩათვლით (1 აშშ. დოლარი=1.779 ლარი) 11.6 პუნქტით შეიცვალა. მაშინ როცა მეზობელი სომხური დრამის და აზერბაიჯანული მანათის კურსის ცვლილება დოლართან მიმართებაში თითქმის არ დაფიქსირებულა.

ორგანიზაციის შეფასებითვე, ლარის გაუფასურება არ იყო დაკავშირებული არც ბიზნესაქტივობის ზრდასთან და არც სეზონურ ფაქტორებთან.

„ძირითადი ფაქტორი, რომელიც ლარის კურსის ცვლილებას დოლართან (და არა მარტო) გავლენას ახდენდა არის რეფინანსირების განაკვეთი და შესაბამისად, კერძო ბანკებზე გაცემული სესხების მოცულობა. 2013 წლის 13 თებერვლიდან 18 დეკემბრამდე რეფინანსირების განაკვეთი 4.75%–დან 3,75%-მდე შემცირდა, რამაც შესაბამისად გამოიწვია გაცემული სესხები მოცულობების ზრდა. 2013 წელს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სესხების მოცულობის საშუალო მაჩვენებელი 31,3%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ რომ ვალუტის კურსის მერყეობის მთავარი მაპროვოცირებელი ფულის მასის ხელოვნური ზრდაა“, – აცხადებენ ახალგაზრდა ეკონომისტები.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ვალუტის გაუფასურების პირობებში დამატებითი პრობლემები შეექმნათ მეწარმეებსაც, რომელთა უმრავლესობას კრედიტები დოლარში აქვთ და ამ კრედიტების დასაფარად მეტი ლარი სჭირდებათ, რამაც შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას საწარმოების გადახდისუნარიანობას და რიგ შემთხვევაში მათი გაკოტრებაც კი გამოიწვიოს.

ასევე ფულის მასის ხელოვნური ზრდა აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე, რადგან იმპორტირებული პროდუქციის ფასი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე სხვადასხვა უცხოურ ვალუტებთან.

„ჩვენი აზრით ლარის ხელოვნური გაუფასურება გარკვეულწილად ასევე დაკავშირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან. მაგალითად მაშინ როდესაც 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პროგნოზით ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში იქნება 3,9%, დეფიციტის შევსება მოხდება დამატებით ვალის აღებით, რაც საბიუჯეტო შემოსავლების 18%-ს შეადგენს . აქედან საგარეო ვალს (11,4%) მივიღებთ უცხოურ ვალუტაში, რაც უფრო მეტი ლარი იქნება ვიდრე ეს 2013 წლის ოქტომბერში იყო. შესაბამისად ისეთი ხარჯების დასაფინანსებლად, როგორიცაა მაგალითად პენსია ან შრომის ანაზღაურება სახელმწიფოს უფრო მეტი ლარი გაუჩნდება“, – განმარტავს ორგანიზაცია და მოუწოდებს ეროვნულ ბანკს და ქვეყნის ხელისუფლებას არ გამოიყენოს მსგავსი პრაქტიკა და არ მოახდინოს ფულის მასის ხელოვნური მიწოდება, რადგან მსგავსი ქმედებები სხვადასხვა პრობლემებს იწვევს.

ამავე თემაზე