2022-07-01 18:45:15
ჩვენს რელიგიურ ფაშისტებს გულზე მოხვდათ, როდესაც ჩვენ პატივი მივაგეთ პაპს – სვიმონ ჯანგულაშვილი

ჩვენს რელიგიურ ფაშისტებს გულზე მოხვდათ, როდესაც ჩვენ პატივი მივაგეთ პაპს – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ჩვენს რელიგიურ ფაშისტებს გულზე მოხვდათ, როდესაც ჩვენ პატივი მივაგეთ პაპს. ამ დროს, ჩვენ ნამღერი გვაქვს ირანის აიათოლასთან, აზერბაიჯანის სულიერ ლიდერთან, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან. როდესაც ირანში ვიყავით, იქ ჩვენს წინაშე ერთ-ერთმა აიათოლამ უთხრა პატრიარქს - "ცუდად ვარ დამლოცეთ და ილოცეთ ჩემთვისო". პატრიარქმა ის დალოცა. მეორე აითოლამ კი უთხრა - "როდესაც აქ მოდიოდით, მე ვიხილე უამრავი ანგელოსი თქვენს გარშემოო". პაპის სიტყვებიც და შეფასებაც პატრიარქზე ცნობილია და ყველამ ვიცით.

რა გამოდის, პატრიარქი იქცევა არა-სწორად ამ ადამიანებთან ასეთი ურთიერთობით თუ მმკ-ელი სექტანტები? პასუხი ცხადია.

ჩვენს რელიგიურ ფაშისტებს ყველაზე მეტად რომის პაპი და კათოლიკეები სძულთ, ცილს სწამებენ მათ და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ და ჰგონიათ, რომ ამით ჯვარზე გაკრულ იესო ქრისტეს ახარებენ და ემსახურებიან. იქამდეც კი მიდიან, რომ წმინდა კონსტანტინე იმპერატორის მიერ აშენებულ, შემდეგ კი ლეონარდოს, ბერნინისა და მიქელანჯელოს მიერ აგებულ ბაზილიკას, სადაც საფლავია წმინდა პეტრე მოციქულთა თავისა, წმინდა პაპ გრიგორი დიდის, დიოლოგონისა და აგრეთვე სხვა უამრავი წმინდანისა და მოწამისა, ისინი "სატანის სახლს" უწოდებენ." – წერს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი.

ამავე თემაზე