2022-06-17 19:14:30
ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში და შეუდგეს აქ მუშაობას – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს  კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევრკოკომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა საჭიროა, რომ ეს რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული და შესრულდეს პირობები, რაც ევროკომისიის დოკუმენტშია ჩამოთლილი.

„კანდიდატის სტატუსის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ გაფრთხილებაა, ძალიან მკაფიოდ ჩამოწერილი, რა უნდა გავაკეთოთ. როცა გინდა ადამიანის ან ქვეყნის „გადაგდება“, კი არ ეუბნები, რა უნდა გააკეთო 2022 წლის ბოლომდე, „გადააგდებ“ და ეს არის და ეს. ასე რომ, ჩვენ მივიღოთ ის, რასაც გვეუბნებიან, გაიგოთ კარგად და არა როგორც გვაწყობს სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ აწი. დავიწყებ საკუთარი თავით, რა უნდა გავაკეთო. მე უნდა გავაგრძელო ის, რაც დავიწყე, რაც არის მცდელობა. უნდა გავააქტიურო მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში თანხმობის, ეროვნული თანხმობის პროცესი წინ წავწიოთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, უფრო მეტად ქალების, რადგან დარწმუნებული ვარ, გვაქვს მეტი ემპათია და გვესმის, რამდენად არის ეს საჭირო იმისთვის, რომ შედგეს ელემენტარული კონსენსუსი, რომელიც არის სიაში პირველი მოთხოვნა. ეს არის, რასაც ითხოვენ ჩვენგან პირველად გასაკეთებლად. ჩვენგან – მე ამ პროცესში, თავისთავად საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. მათი პასუხისმგებლობაც ეს არის. პირობითად, მაგრამ გვაძლევენ 2022 წლის ბოლომდე დროს, რომ გამოვასწოროთ, რაც არის გამოსასწორებელი, თუკი ნამდვილად გვინდა კანდიდატის სტატუსი. ვიცით, რომ ეს 85 პროცენტს უნდა. ასე რომ, გავაკეთოთ. ეს პასუხისმგებლობა დღეს არის ათმაგად, თუ არა ასმაგად ხელისუფლებაზე, ექვსი თვე აქვს. ექვსი თვის ბოლოს თუ კიდევ ისე გაგრძელდა როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისაგან. არც ჩემგან, არც თქვენგან, არამედ საზოგადოებისგან.

საზოგადოების პასუხისმგებლობაა, შევინარჩუნოთ სტაბილურობა. საქმეა გასაკეთებლი, ყველა უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში. დღეს არანაირი დესტაბილიზაციის დრო არ არის, როცა მიმდინარეობს ომი უკრაინაში. რუსეთის ნებისმიერი რეაქცია მოულოდნელია. ეს არის ის, რაც უნდა გაითვალისწინონ ასევე ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა, როდესაც კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან ამ საკითხებს. რაღაცნაირად ყურადღება მიაქციონ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ გეოპიოლიტიკურ ვითარებას. გაიგეთ მათი გზავნილი, გაფრთხილება, რომ ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი, ვერ ვიქნებით წინსვლის გზაზე. ამავე დროს, მათაც უნდა გაიგონ, რა არის დღევანდელი არსებული საფრთხეები და საფრთხე იმისა, რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირად არ გაიგოს. რა არის გასაკეთებელი, სია მოცემულია. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობააცა, იმის, ვინც ასე იქცეოდა, დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას. შეუდგეს აქ მუშაობას, რათა ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი. მაგალითად, დავუბრუნდები იმ არაჩვეულებრივ იდეას, რაც მქონდა და წინადადება, რაც შეეხება ამ სტატუსის მიღწევას. შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი დამოუკიდებელი, რომელიც იქნება მიძღვნილი, რა უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ წარმატებამდე 2022 წლის ბოლომდე. მგონია, კონსტრუქციული ოპოზიცია რომ იყოს კომისიის თუ სამუშაო ჯგუფის სათავეში, იქნება ძალიან მაგარი გზავნილი სწორედ ჩვენი პარტნიორებისთვის. თუ ასეთი რამ შეიქმნება, ეს იქნება პოლიტიკურად სწორი სხვლა, რადგან გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე, რათა მივიდეთ იმ შედეგამდე, რაც უნდა იყოს ჩვენი პოზიტიური შედეგი, წარმატება 2022 წლის ბოლოს. ასე რომ, არც იმედგაცრუება, ცოტა გაბრაზება კი, მაგრამ საქმე ერთად რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ მივაღწიოთ მიზანს, შედეგს. დრო აღარ არის არც ვიღაცის ლანძღვის, არც სხვადასხვა ბრალდების და გადმობრალების. საქმის დროა და საქმე აღარ ითმენს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე