2021-07-07 13:01:45
5 ივლისს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა ღვაწლმოსილი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის 95 წლის იუბილე აღნიშნა

5 ივლისი ღვაწლმოსილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებლის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის თანაავტორისა და ერთ-ერთი ხელმომწერის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადების დღეა. 2020 წლიდან აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდი 5 ივლისს საერთაშორისო სამართლის დღეს აღნიშნავს.

ეს დღე იმ ღირებულებების გარშემო ინფორმირებული დისკუსიის კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს, რომელთა საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე პროფესორმა ლევან ალექსიძემ საქართველოს საერთაშორისო სამართლის სკოლა დააფუძნა.

2021 წლის 5 ივლისს, ლევან ალექსიძის 95 წლის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებები გახსნეს პროფესორმა ანნე პეტერსმა, მაქს პლანკის შედარებითი საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა და პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა, აკადემიკოს ლევან ალექსიძის მეწაფემ და მისივე ინიციატივით დაფუძნებული თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის დირექტორმა. მიჩიგანის უნივერსიტეტში ფულბრაიტის მკვლევარის, სამართლის დოქტორ საბა ფიფიას მოდერირებული ეს შეხვედრა, საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 80-მდე წარმომადგენლის მონაწილეობით, მიეძღვნა აკადემიკოს ლევან ალექსიძის აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას - პასპორტიზაციის პროცესის გავლენა განდგომილ რეგიონებში გადაადგილების თავისუფლებაზე.

2021 წლის 5 ივლისს ასევე ჩაეყარა საფუძველი აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის თბილისის საერთაშორისო სამართლის აკადემიას, რომლის ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მსმენელები 31 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო სამართლის აქტუალურ შერჩეულ საკითხებზე გამორჩეული აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების სპეციალისტების ხელმძღვანელობით შეიძენენ და გაიღრმავებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.

2021 წლის 5 ივლისს, დიდი მასწავლებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის 95 წლის იუბილეს მიუძღვნა მისმა ერთ-ერთმა რჩეულმა მოწაფემ ირინა აღაპიშვილმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წარმატებით დაგვირგვინება. ირინა აღაპიშვილის სადისერტაციო ნაშრომმა „ICSID-ის პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის: უცხოური პირდაპირი ინვესტიციების დაცვა საქართველოში“ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სადისერტაციო კომისიის წინაშე საჯაროდ დაცვისას დაიმსახურა შეფასება ფრიადი (summa cum laude) და მის მიერ სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების დღედ სწორედ აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადების დღე იქცა.

აღსანიშნავია, რომ ირინა აღაპიშვილის სადოქტორო დისერტაციის საჯარო დაცვა ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებლის აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად ირინა აღაპიშვილისა და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ინიციატივითა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საგანგებოდ, სწორედ ლევან ალექსიძის დაბადების დღეს გაიმართა.

2021 წლის 5 ივლისსვე გამოცხადდა ინტერდისციპლინური კონფერენცია საქართველო და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია: თანამშრომლობის ისტორია და პერსპექტივები. 1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს 6 ივლისის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. 2019 წლის 31 ივლისამდე აკადემიკოსი ლევან ალექსიძე საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების, ისე როგორც სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის ჭრილში, აქტიურად გახლდათ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველმყოფი საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს განვითარების პროცესში ჩართული.

2021 წლის 31 ივლისს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ცენტრი უმასპინძლებენ კონფერენციას, რომლის ფარგლებში მუშაობა სამი მიმართულებით წარიმართება: საქართველოს თანამშრომლობა გაეროს სააგენტოებსა და სპეციალიზებულ დაწესებულებებთან; საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს გაეროსთან თანამშრომლობით.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით, 2021 წლის 5 ივლისს ასევე გამოაცხადა 2019 წელს დაარსებული და უკვე ტრადიციული ლევან ალექსიძის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების ინგლისურენოვანი კონკურსი, რომელიც 2021 წელს მესამედ, 20-მდე სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობით წარიმართება. აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა, ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღნიშვნას ღონისძიებებს 2021 წლის დასაწყისიდან უძღვნის.

ამავე თემაზე