2021-01-05 16:41:40
შქმერულის ნახევარფაბრიკატი იაპონიის 50 000-მდე მაღაზიაში გაიყიდება

იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით, ქართული კერძის, შქმერულის ნახევარფაბრიკატი იაპონიის მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან ქსელში, 50 000-მდე მაღაზიაში გაიყიდება.

"NISSIN-ისა და Matsuya Foods-ის თანამშრომლობით შქმერულის ნახევარფაბრიკატი შეიქმნა, რომელიც მთელი იაპონიის მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან ქსელში (საერთო ჯამში 50 ათასამდე მაღაზია) გაიყიდება", - წერია განცხადებაში.

საელჩო აცხადებს, რომ თანამშრომლობის შედეგად, პროდუქტის შეფუთვაზე მაქსიმალურად იქნება ხაზგასმული შქმერულის ქართული წარმოშობა და დატანილი იქნება ქართული დროშა. ამავე დროს, Matsuya Foods-ის პოსტერზე, კერძის აღწერაში ხაზგასმული იქნება, რომ შქმერულის სამშობლო მდიდარი ბუნებით, ქვევრის ღვინითა და გემრიელი სამზარეულოთი არის ცნობილი.

კომპანია NISSIN-ის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ პროდუქტის მეშვეობით შქმერული იაპონელთა ყოველდღიურ რაციონში დაიმკვიდრებს ადგილს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდის იაპონიაში საქართველოს ცნობადობას.  

ამავე თემაზე