2020-11-19 16:22:09
შეურიგებლობის მანიფესტი - საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მოთხოვნების გარშემო ერთიანდებიან

სხვადასხვა სფეროში საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა შეურიგებლობის მანიფესტი გააფორმეს და საჯაროდ, ვილნიუსის სკვერში მოაწერეს ხელი. ისინი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აპროტესტებენ და მოუწოდებენ მოქალაქეებს, შეუერთდნენ სამართლიან ბრძოლას და დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს. 

ერთ-ერთი ხელმომწერი ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეა, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიული პროცესებისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლა თითოეული მოქალაქის ვალია და სწორედ ამას განასახიერებს "დაუმორჩილებლობის მანიფესტიც". 

"ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბრძოლა, ეს არის ყველა იმ ადამიანის ბრძოლა, ვინც თვლის, რომ დემოკრატიული განვითარება არის ყველანაირი სიკეთის წინაპირობა, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა მიიღოს. დღეს სხვადასხვა პროფესიის ხალხი, ვინც პოლიტიკურ პროცესში უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებთან არ არის ჩართული ხელს მოაწერს მანიფესტს, რომელიც არის განზრახვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამას არ შევეგუებით და ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე", - ამბობს ქადაგიძე. 

,,ჩვენ ვერ შევეგუებით ამ სახელმწიფოს დასრულებას, ვერ შევეგუებით, რომ ცესკომ მოიპაროს არჩევნევბი, ვერ შევეგუებით და ამას გამოვხატავთ ყველა კანონიერი გზით, - ამბობს ვილნიუსის სკვერში მისული ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი. 
"როდესაც მოვიდნენ კომუნისტების დასაკავებლად, მე ჩუმად ვიყავი იმიტომ, რომ მე კომუნისტი არ ვიყავი; როდესაც აკავებდნენ პროფკავშირებს, მე ხმას არ ვიღებდი იმიტომ, რომ მე პროფკავშირის წევრი არ ვიყავი; როდესაც მოვიდნენ ჩემს დასაკავებლად უკვე აღარავინ არ იყო, რომ ხმა ამოეღო - აი ეს არის ჩემი მთავარი ლოზუნგი," - აცხადებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

ამავე თემაზე