2020-11-16 12:32:54
აფხაზეთის რკინიგზა სომხეთისთვის - დიდი გარიგება ივანიშვილის მონაწილეობით?

გიორგი თარგამაძის გადაცემა "დროების" წყაროს ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი და ოკუპირებული სოხუმი ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის განახლებაზე შეთანხმდნენ. 

როგორც წყარო აცხადებს, აღნიშნულ თემაზე შეხვედრა 12 ნოემბერს, სოჭში შედგა, სადაც ერთმანეთს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია შეხვდნენ. 

დროების წყაროს ინფორმაციით, საკითხზე კომუნიკაცია შედგა ივანიშვილთანაც. ამ გარიგების დადასტურების შემთხვევაში ცხადი ხდება, რომ მოსკოვი მართლაც თავის ჭკუაზე ალაგებს ვითარებას რეგიონში, საქართველოს ჩათვლით და ესეც შეიძლება იყოს პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის მთავარი საგანიც.

უაღრესად საყურადღებოა ნიკოლ პაშინიანის ბოლოდროინდელი განცხადება, რომელშიც ის ირანთან და რუსეთთან ალტერნატიულ სარკინიგზო მარშრუტებზე საუბრობს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს კრემლის მხრიდან ერთგვარი კომპენსაციაა ერევნისთვის, მოსკოვის გულგრილობის შედეგად ყარაბაღში განცდილი მარცხის სანაცვლოდ და საკითხი ე.წ. აფხაზეთის რკინიგზასაც ეხება.

ამ თემაზე საჯაროდ საუბარი აქტიურად მაშინ დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, თუმცა საკითხის სკანდალურობისა და საზოგადოების უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულების შედეგად თემა მალევე დაიხურა. სარკინიგზო მარშრუტის აღდგენაზე საუბარი წინა ხელისუფლების პირობებშიც მიმდინარეობდა გარკვეული დასავლური გარანტიებით და იყო კიდეც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაც, თუმცა საკითხს მუდმივად ეწინააღმდეგებოდა აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 12 ნოემბერს, სოჭში შემდგარ შეხვედრაზე პუტინსა და ბჟანიას შორის ეს საკითხი შეთანხმდა, რის სანაცვლოდაც აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რუსეთისგან დიდი ხნის ნანატრი ეკონომიკური პრეფერენციებზე დაპირება მიიღო.

"ჩვენ უბრალოდ ისღა დაგვრჩენია ხელისუფლებას პირდაპირ ვკითხოთ: არსებობს თუ არა შეთანხმება რუსეთთან აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გახსნაზე და რას იგებს ან რა პოლიტიკურ ფასს იხდის ამაში საქართველო?!" – განაცხდა გადაცემის ედიტორიალში გიორგი თარგამაძემ.

ამავე თემაზე