2020-10-17 17:16:38
წელს მარტო 100 000 სამუშაო ადგილი არის დაკარგული და ეს არ არის მარტო პანდემიის დამსახურება, ეს არის მათ შორის, კობახიძის, ივანიშვილის და მსგავსი კლოუნების დამსახურება - კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად უწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას ქვეყანაში.

კაპანაძის თქმით, კობახიძე არის ორპირა გაიძვერა, რომელსაც მსგავსი განცხადებები არც კი გაუვლია თავში როდესაც დენდროპარკში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი ან ქართული ოცნების პარტიულ შეხვედრებს ხედავდა.

„ბატონო კობახიძე არის ჩვეულებრივი ორპირა გაიძვერა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია, როდესაც დენდროპარკში იყო უამრავი ადამიანი შეკრებილი. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რამ არც კი გაუვლია თავში, როდესაც ქართული ოცნების პარტიულ შეხვდრებს ხედავდა. ეს არის კიდევ ერთხელ ჩვეულებრივი პროპაგანდა, რომელსაც მთავრობა ეწევა და თუ დააკვირდებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში, არცერთი პოზიტიური გზავნილი, არცერთი გზავნილი იმაზე, რა უნდა ეშველოს ქვეყანას, არცერთი გზავნილი, თუ რა პრობლემას გადაჭრიან, ქართული ოცნების მაღალაჩინოსნებიდან არ წამოსულა.

გზავნილები არის მხოლოდ ერთი, რომ ოპოზიციამ გააფუჭა ეს, ოპოზიციამ გააკეთა ის, ოპოზიციამ გაყიდა რაღაც და მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური კამპანია. აუცილებლად ამაზე გასცემს მას პირადად და ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი პასუხს.

იმაზე, რომ სრულიად უპასუხისმგებლოს ეკიდებიან ქვეყნის მართვას, ეპიდემიის მართვას, ეკონომიკის მართვას და ამ ყველაფერს ჯამში ეწირება ადამიანების სიცოცხლე. მარტო პანდემიის გამო კი არა, არამედ სიღარიბის გამო, შიმშილის გამო და იმის გამო, რომ ადამიანები ყოველდღიურად კარგავენ სამსახურებს, წელს მარტო 100 000 სამუშაო ადგილი არის დაკარგული და ეს არ არის მარტო პანდემიის დამსახურება, ეს არის მათ შორის პანდემიის ყველაზე დიდი მეგობრების, კობახიძის, ივანიშვილის და მსგავსი კლოუნების დამსახურება.“ - განაცხადა კაპანაძემ.

ამავე თემაზე