2020-09-25 19:50:38
კიბერუსაფრთხოება არის თემა, რომელიც ბოლომდე მიშვებულია ხელისუფლების მხრიდან, არ არსებობს არც სტრატეგია, არც მზადყოფნა და არც რესურსი - სერგი კაპანაძე

კიბერუსაფრთხოება არის თემა, რომელიც ბოლომდე მიშვებულია ხელისუფლების მხრიდან, არ არსებობს არც სტრატეგია, არც მზადყოფნა და არც რესურსი - "ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ქვეყნის კიბერუსაფრთხოებასა და შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს.

სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას არ აქვს არც რესურსი, არც სტრატეგია და არც მზადყოფნა, რათა დაცული იყოს ქვეყნის კიბერუსაფრთხოება.

კაპანაძის თქმით, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, ის კანონმდებლობას იყენებს იმისათვის, რომ გაზარდოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილება და ის ჩარიოს კერძო კომპანიების საქმეში.

"კიბერუსაფრთხოება არის ძალიან სერიოზული თემა, რომელიც ბოლომდე მიშვებულია ხელისუფლების მხრიდან, არ არსებობს არც სტრატეგია, არც მზადყოფნა და არც რესურსი და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ქვეყნის მიერ მაგალითად, რუსეთიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ვნახეთ რამდენიმერჯერ შეტევა, რომელიც განხორციელდა საქართველოზე და ამაზე რაიმე ადეკვატური რეაგირება ქვეყნის მხრიდან არ გაკეთებულა, რაიმე განცხადებაც კი არ გაკეთებულა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს, პირიქით, სურვილი და მისწრაფება ხელისუფლების არის, რომ ეს გამოწვევები გამოიყენოს სუს- ისთვის მეტი უფლებამოსილების მისაცემად და მათთვის ისეთი ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, რომ კერძო კომპანიების საქმეში ჩაერიოს და არა პირიქით, მოაგვაროს უსაფრთხოების პრობლემა.

ბუნებრივია ეს გამოწვევა პარტიებისთვისაც გამოწვევაა, მათ შორის ევროპული საქართველოსთვისაც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც უნდა შეიცვალოს ამ არჩევნებში ხელისუფლების დამარცხების შემდეგ არის  სწორედ ის, რომ კიბერუსაფრთხოება, სხვა უსაფრთხოებასთან ერთად გახდეს პრიორიტეტული და ჩვენ ვიყოთ ისეთივე ძლიერი ამ კუთხით, როგორიცაა მაგალითად ესტონეთი. ეს არის შესაძლებელი, თუმცა ამას სჭირდება ძლიერი გუნდი, ძლიერი ქვეყანა  და სწორი ხედვა.“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამავე თემაზე