2020-05-20 14:36:59
გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება - ხმაური სასამართლო სხდომაზე

გიორგი რურუას სასამართლო სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება ბრალდებულსა და პროკურორებს შორის მოხდა.

პროცესზე იკითხებოდა ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელმაც ექსპერტიზა ჩაუტარა გიორგი რურუას იმ ავტომობილს, რომლიდანაც ბრალდების მხარის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გიორგი რურუა კითხვებს უსვამდა მოწმეს, რა დროსაც პროკურორებმა მას მიუთითეს, რომ კითხვები დაეკონკრეტებინა. სწორედ ამ დროს მოხდა შეკამათება გიორგი რურუასა და პროკურორებს შორის. მოსამართლემ გიორგი რურუას კორექტულობისკენ მოუწოდა.

გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ბრალდებულსა და პროკურორს შორის - საქმის პროკურორმა გააპროტესტა გიორგი რურუას კითხვა ერთ-ერთი მოწმისადმი. შედეგად მოსამართლემ ორივე მხარეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

„დღეს შეიცვალა პროკურორი, რომელიც იყო აგრესიულად განწყობილი, იუზრდელა, დაგვიწყო დაცვის მხარეს ყვირილი და ამას მოჰყვა დაძაბულობა დარბაზში. პროკურორებს ავიწყდებათ, რომ ეთიკურად მოიქცნენ დარბაზში იმის ფონზე, რომ პოლიციელებმა იარაღი ჩაუდეს გიორგი რურუას და ეს პროკურორები არანაკლებ დანაშაულს ჩადიან, ვიდრე ის პოლიციელები", - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.

საქმის პროკურორი კი მომხდარში გიორგი რურუას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხმაური გიორგი რურუას მხრიდან მოწმეების დისკრედიტაციას მოჰყვა.

„ბატონი გიორგი რურუა ცდილობს პროცესების მიმდინარეობისას მოახდინოს მოწმეების დისკრედიტაცია, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ამან გამოიწვია მომხდარი", - ამბობს პროკურორი.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების ოთხი მოწმე - ის ექსპერტები და პოლიციელები დაიკითხნენ, რომლებმაც  რურუას მანქანის ჩხრეკა ჩაატარეს.

„მთავარი მტკიცებულების ამოღება და დალუქვა არ მოხდა სპეც. პაკეტით, ჩხრეკის და დაკავების დროს ექსპერტები არ დაისწრო გამოძიებამ. შეფუთეს სპეციალური მრავალჯერადი ლუქით, რომლის გახსნაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ, იარაღზე მანიპულირება, დნმ-ის დატანა. ექსპერტები მხოლოდ შტრიხკოდიანი პაკეტებით ლუქავენ მტკიცებულებებს", - აცხადებს შალვა შავგულიძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მისი გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა - პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები კი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

ამავე თემაზე