2020-05-18 16:46:36
მელია საბანკო შეღავათების კიდევ 3 თვით გახანგრძლივებას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ხელისუფლებას წინადადებთ მიმართავს, რომელიც საბანკო შეღავათების კიდევ 3 თვით გახანგრძლივებას გულისხმობს.

„3 თვით იყო დაწესებული საშეღავათო პერიოდი საკრედიტო შენატანებზე ანუ მოქალაქეებს კრიზისის მძვინვარებისას, ჩვენ ვუთხარით, რომ მოქალაქეებო სამსახური დაგაკარგვინეთ, ეკონომიკა გავაჩერეთ, ლუკმაპური თქვენ აღარ გაქვთ, ვერაფრით ვერ გეხმარებით და ამიტომ, აქ კარგი ხალხი ვართ ხელისუფლებაში და სამი თვით გეუბნებით, რომ ბანკში არ მიხვიდეთ, ანუ თქვენი ვალის მომსახურეობისთვის არ დაგჭირდებათ ნერვიულობა. ეს სამი თვე იწურება, ძვირფასო ბიძინა ივანიშვილო, ძვირფასო მილიარდერო, ოლიგარქო და ყველა მოქალაქეს ექნება ვალდებულება გადაიხადოს უკვე პროცენტი, რომლის გადახდისგან თქვენ კი არ გაათავისუფლეთ, არამედ ივნისის თვიდან კიდევ უფრო მეტის გადახდა მოუწევთ მათ და როგორ ? ისმის კითხვა.

სამუშაო ადგილები აღადგინეთ ? მომსახურების სექტორი ყვავის? ეკონომიკა ნელ-ნელა მუშავდება? არა! ყველაფერი გაჩერებულია როგორც არასდროს. მომსახურების სექტორი ჩაბეტონებულია ქვესკნელში, ეკონომიკა დახუფული და ბოქლომდადებული გაქვთ და ხალხს ივნისის თვიდან გადახდა კი არ უნდა მოსთხოვოთ, სიმართლეს თუ ვიტყვით, რეალურად უნდა დაიწყოთ იძულებითი აღსრულება ანუ უნდა დაუყადაღოთ, ინკასოები უნდა დაადოთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ვერ გადაიხდიან, ქვეყანაში ფიზიკურად არ არსებობს ფული მატერიალური სახით, რომ მოვიდეს ბანკში და გადაიხადოს. ამიტომ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა და ვფიქრობ, აქ ერთსულოვანი იქნება ყველა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებიც, დარწმუნებული ვარ, ახლა დამეთანხმებიან.

უნდა გადავადდეს კიდევ სამი თვით საკრედიტო შენატანების პერიოდი. ანუ ხალხს არ უნდა შევატანინოთ მთლიანი თანხა, როგორც ძირი, ისე მასზე დაკისრებული პროცენტი და ბოლოს მინდა მნიშვნელოვანი დეტალი შევახსენო მოსახლეობას, საერთაშორისო პარტნიორების, ასევე საერთაშორისო ფინანსური და საკრედიტო ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდ ნახევარი დოლარი საბანკო სექტორისთვის და ეს მილიარდნახევარი დოლარი საბანკო სექტორისთვის იმას გულისხმობს რომ ხალხს არ უნდა დავეხმაროთ ? 3 თვით უნდა გადავადდეს საკრედიტო შენატანების პერიოდი და მე ვფიქრობ, ეს განცხადების სახით უნდა გააკეთოს, ან ივანიშვილმა, ან გახარიამ უახლოეს დღეებში, რომ სულიერი სიმშვიდე მაინც დაეუფლოს ხალხს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე