2020-04-10 10:48:39
მთავრობის მიერ ანაკლიის პროექტის გაჩერება, შეუძლებელს ხდის იაპონური კომპანიებისა და მათი წარმოებების ანაკლია სიტიში გადმოტანას - ხაზარაძე

მთავრობის მიერ ანაკლიის პროექტის გაჩერება, შეუძლებელს ხდის იაპონური კომპანიებისა და მათი წარმოებების ანაკლია სიტიში გადმოტანას - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

"იაპონიის მთავრობამ 2 მლრდ დოლარი გამოყო იმ იაპონური კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინეთში საქმიანობდნენ და მათი წარმოებების სხვა ლოკაციებზე გადატანა განიზრახა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი - ADC, გარდა ანაკლიის პორტის მშენებლობისა, ავითარებდა ანაკლიის თავისუფალ ზონას და ინდუსტრიულ ქალაქს პორტის უკან მიმდებარე 600 ჰექტარ მიწაზე. პროექტის განვითარებაში ჩართულია იაპონიის მთავრობა - კერძოდ, იაპონიის ეკონომიკისა და ინდუსტრიის სამინისტრო, რომელმაც შარშან გამოჰყო გრანტი და ამ პროექტის გენ გეგმის, ბიზნეს გეგმის და კონცეფციის შემუშავება დაავალა ერთ-ერთ უცნობილეს იაპონურ კომპანიას Nippon KOEI - Japan’s #1 international Engineering company.

ეს გეგმა ითვალისწინებდა და ითვალისწინებს იაპონური კომპანიებისა და მათი წარმოებების ანაკლია სიტიში გადმოტანას, მთავრობის მიერ ანაკლიის პროექტის გაჩერება კი ამას შეუძლებელს ხდის. როგორც არაერთხელ მითქვამს, კრიზისი ქმნის ახალ და, ხშირ შემთხვევაში, უნიკალურ შესაძლებლობას. იაპონიის მთავრობის დღევანდელი განცხადება სწორედ ამ შესაძლებლობის განხორციელებას ხდის რეალურს, რათა ანაკლია გახდეს არა მარტო კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში, არამედ იაპონური წარმოების ეპიცენტრი და ჰაბი, რომელიც ათეულ ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება არის დანაშაული. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, ნუ ჩაიდენს საუკუნის დანაშაულს. ნუ გავუშვებთ ამ შანსს, ანაკლიის პორტი და ქალაქი ანაკლია არის ჩვენი ეკონომიკის აღორძინების ათვლის წერტილი და ლოკომოტივი’’, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

ამავე თემაზე