2020-03-31 20:24:21
დეპუტატ ენზელ მკოიანთან დაკავშირებით ინციდენტში მონაწილე პირებს პატიმრობა შეეფარდათ

დეპუტატ ენზელ მკოიანის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ფაქტზე დაკავებულ სამველ პეტროსიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ორ პირს შეეფარდა. კერძოდ, სამველ პეტროსიანის გარდა პატიმრობა შეეფარდა ასევე ენზელ მკოიანის 19 წლის ძმიშვილს არმენ მკოიანს, რომელიც 26 მარტს მომხდარ დაპირისპირებაში ასევე იყო ჩართული.

პროკურატურის ინფორმაციით, სამველ პეტროსიანისა და არმენ მკოიანის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„2020 წლის 31 მარტს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ქ. ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე ბრალდებულებს ს.პ.-ს და ა.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ „გოლდთან“ ს.პ.-მ და ა.მ.-მ ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. სამართალდამცველებმა ს.პ. და ა.მ. 28 მარტს დააკავეს.

ს.პ.-ს და ა.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა. ს.პ.-ს და ა.მ. -ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები, სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

წყარო:"ინტერპრესნიუსი"

ამავე თემაზე