2020-03-26 16:27:30
ესპანეთში სამედიცინო დაწესებულებების 6500-ზე მეტ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

ესპანეთში სამედიცინო დაწესებულებების 6500-ზე მეტ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

ესპანეთში კორონავირუსით 6 500-ზე სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა. COVID-19-ის პანდემიის გამო ესპანეთის საავადმყოფოები გადატვირთულია, ექიმებსა და ექთნებს კი საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა.

Fox News-ის ინფორმაციით, 25 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე სამი პირი გარდაიცვალა.

"კოლაფსში ვართ. მეტი ადამიანი გვჭირდება", — ამბობს ექთანი ლიდია პერერა, რომელიც მადრიდის ლა-პასის კლინიკაში მუშაობს.

ლა-პასის 14-სართულიანი საავადმყოფოს 11 სართული მთლიანად კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის არის გამოყოფილი, თუმცა ადგილები მაინც არ ჰყოფნით. შედარებით მსუბუქი პაციენტები საავადმყოფოს სპორტდარბაზში ან ეზოში გაშლილ კარავში ჰყავთ მოთავსებული.

"სამი თვის წინ რომ გეთქვათ, ესპანეთში ასეთ პირობებში მომიწევდა მუშაობა, არ დაგიჯერებდით", — ამბობს ლიდია პერერა. მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალს მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უტარებენ ტესტირებას:

"ტესტირება რეგულარი რომ იყოს, თანამშრომლების გარეშე დარჩებოდნენ".

ესპანეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ სამედიცინო პერსონალის დაცვა მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ისეთი პირველადი საჭიროების ნივთები, როგორიცაა პირბადეები და ხალათები, დეფიციტშია ისევე, როგორც ტესტები.

პროფკავშირები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ ეკონომიკური კრიზისი შემდეგ ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მცირდებოდა, რის გამოც საავადმყოფოები პანდემიას მოუმზადებელი შეხვდნენ. კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლებამ განაცხადა რომ ასობით ათას პირბადეს და სწრაფ ტესტებს გაავრცელებდნენ.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით 4 089 ადამიანი გარდაიცვალა და 56 188 დაინფიცირდა.

კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა წინა დღის მონაცემებთან შედარებით ნაკლებია. ოთხშაბათს ვირუსით 738 ადამიანი გარდაიცვალა, ხუთშაბათს კი 655.

ესპანეთი დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით იტალიის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. 13 მარტის შემდეგ ქვეყანა ჩაკეტილია და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჯანდაცვის წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში პიკი ჯერ კიდევ არ დამდგარა და მომავალ დღეებში, სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ გაიზრდება.

ამავე თემაზე