2020-03-26 15:29:04
კრემლის 10 დეზინფორმაცია COVID-19-ის შესახებ საქართველოში-ISFED

​სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში რუსული დეზინფორმაცია იკვლია.

ISFED-ის განცხადებით რუსული დეზინფორმაციის კამპანია ცდილობს არსებული რეალობის გაყალბებას, საქართველოს დასავლეთისგან დისტანცირების საჭიროების წარმოჩენას, შენიღბულად ესხმის თავს დემოკრატულ ინსტიტუტებს, ცდილობს საზოგადოების დახლეჩვას და ხელოვნურად ინსპირირებული თემებისთვის სოციალურ მედიაში ხილვადობის გაზრდას ხელოვნური ინტერაქციის გამოყენებით.

"საქართველოში და დასავლეთის სახელმწიფოებში კორონავიურუსული ინფექციის COVID-19 -ის პანდემიას თან სდევს დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული საინფორმაციო მანიპულაციების მძლავრი კამპანია სოციალურ მედიაში. მსოფლიო კრიზისის კვალდაკვალ საქართველოში გააქტიურებული რუსული დეზინფორმაციის კამპანია ცდილობს არსებული რეალობის გაყალბებას,  საქართველოს დასავლეთისგან დისტანცირების საჭიროების წარმოჩენას, შენიღბულად ესხმის თავს დემოკრატულ ინსტიტუტებს, ცდილობს საზოგადოების დახლეჩვას და ხელოვნურად ინსპირირებული თემებისთვის სოციალურ მედიაში ხილვადობის გაზრდას ხელოვნური ინტერაქციის  გამოყენებით.

საგულისხმოა, რომ პირისპირ კომუნიკაციის იძულებითი ნაკლებობის ფონზე ადამიანები სოციალურ მედიას ბევრად უფრო ინტენსიურად იყენებენ, შესაბამისად არის საფრთხე, რომ შიდა თუ გარე დეზინფორმაცია უფრო მეტ ადამიანის საინფორმაციო სივრცეში შეიჭრას.

კორონავირუსის ფონზე გააქტიურებული დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კოორდინირებული კამპანია მიუთითებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბოროტი აქტორები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, მძლავრ საინფორმაციო ქსელებს ხლართავდნენ. ამ ქსელების აქტიურად გამოყენება სავარაუდოდ საარჩევნო მიზენებისთვის იგეგმებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მათი გამოყენების ხელსაყრელი მომენტი COVID-19-თ გამოწვეული კრიზისი აღმოჩნდა.

რუსული საინფორმაციო კამპანიის არაავთენტური კოორდინირებული ქცევის ხერხები და ძირითადი გზავნილები

შიდა დეზინფორმაციული კამპანიების პარალელურად, მკაფიოდ გააქტიურდა რუსული საინფორმაციო ოპერაციის მწარმოებელი კრემლისტური სააგენტოს, News-Front Georgia-ს საინფორმაციო მანიპულაციური ხრიკები რომელიც ასევე გადაჯაჭვულია სააგენტო Geworld.Ge-სთან. ეს ორი სააგენტო ერთი და იმავე მესიჯების ირგვლივ აქვეყნებს სტატიებს, ამასთან „ფეისბუქის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდებზე ერთმანეთის მასალასაც აზიარებს.

რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი კამპანია COVID-19-ის პანდემიის პირობებში შენიღბულად უთხრის ძირს სახელმწიფოს მიერ ვირუსის საწინააღმდეგოდ გატარებული პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის მიმართ სანდოობას. სტატიების ნაწილი, რომელიც მრავალათასიანი აუდიტორიის მქონე ჯგუფებში ვრცელდება მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ეკლესიაში წასვლისკენ აქეზებს. ყველა, ვინც დისტანცირების პოლიტიკას ემორჩილება დამუნათებულია და ქრისტიანობის მოღალატედ არის წარმოჩენილი.

სააგენტოს სტატიების ნაწილი ორაზროვან სათაურებს შეიცავს, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სათაური დაავადებათა კონტროლის ცენტრის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს.  საგულისხმოა, რომ „ნიუს-ფრონტი“ დეზინფორმაციული სტატიებით თავს ესხმის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილეს და ლუგარის ლაბორატორიის დირექტორს, პაატა იმნაძესაც,"-ნათქვამია ISFED-ის ​ კვლევაში.


 

კვლევა უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ: https://bit.ly/3dpHQTn 

ამავე თემაზე