2020-03-26 14:39:33
ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ რუსეთიდან მიიღეს COVID-19-ის დასადგენი ტესტები

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან ჩაიტანეს კორონავირუსის COVID19-ის დასადგენად განკუთვნილი სატესტო სისტემა. სააგენტო „რეს“-ის ცნობით, ამის შესახებ „სამხრეთ ოსეთის“ მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა საგანგებო შტაბის სხდომაზე.

კოჩიევას ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქვთ ხუთი სატესტო სისტემა, რომელიც ცხინვალის ლაბორატორიაში 200 ანალიზის ჩასატარებლად ეყოფათ. დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარული ექიმის ინფორმაციით, ამ კვირის ბოლომდე რუსეთიდან მიიღებენ კიდევ 500 ტესტს, პირველ კვლევებს კი, ამ დღეებში ჩაატარებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მარინა კოჩიევას თანახმად, აქამდე ტესტირების საშუალებები არ ჰქონდათ, დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ დღემდე „რესპუბლიკაში“ COVID-19-ით დაავადების შემთხვევები არ ყოფილა.

 

 

 

ამავე თემაზე