2020-03-26 14:22:44
მთავრობა არ ასხივებს თავდაჯერებულობას, არ საუბრობს მწყობრ ანტიკრიზისულ სტრატეგიასა და ნაბიჯებზე და უფრო მეტიც დაუსრულებელ სამთავრობო ბრიფინგებზე უფრო მეტად აბნევს ხალხს-ვაშაძე

მთავრობა არ ასხივებს თავდაჯერებულობას, არ საუბრობს მწყობრ ანტიკრიზისულ სტრატეგიასა და ნაბიჯებზე და უფრო მეტიც დაუსრულებელ სამთავრობო ბრიფინგებზე უფრო მეტად აბნევს ხალხს- განაცხადა  „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა კრიზისის დაძლევის სამპუნქტიანი რეკომენდაცია წარადგინა, რომელიც ბრიფინგების შემცირებას, მკაფიო გზავნილების მიწოდებას ყოველდღიურ რეჟიმში და მინიმუმ ერთკვირიანი ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას მოიცავს.

„კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება კვლავ გრძელდება, რასაც მხოლოდ ეკონომიკური საფუძვლები ამ ეტაპზე ნამდვილად არ გააჩნია. იგი გამოწვეულია ქვეყანაში არსებული პანიკური მდგომარეობით. მთავარი კითხვაა რა იწვევს პანიკას?! პანიკა გამოწვეულია იმით, რომ მთავრობა არ ასხივებს თავდაჯერებულობას, არ საუბრობს მწყობრ ანტიკრიზისულ სტრატეგიასა და ნაბიჯებზე და უფრო მეტიც დაუსრულებელ სამთავრობო ბრიფინგებზე უფრო მეტად აბნევს ხალხს, რადგან მათი გზავნილები ან ეწინააღმდეგება ერთმანეთს ან არაფრის მთქმელია, რაც საზოგადოების თვალში ნიშნავს, რომ არ იცის მთავრობამ რა უნდა გააკეთოს.

ამას ადასტურებს ის, რომ სხვა ვალუტებთან შედარებით ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა. სომხური დრამი 3%, თურქული ლირა 5%, უკრაინული გრივნა 14%,რუსული რუბლი 20% ქართული ლარი 25%. მაგალითად არასწორად მიმაჩნია, როდესაც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი ჯერაც არ გააჩნია ქვეყანას და ახლა აპირებს შემუშავებას, ხოლო ეკონომიკის მინისტრი ჰაკატონს აცხადებს კრიზისის დაძლევის მექანიზმად, ანუ ეს ნიშნავს, რომ არ იცის რა უნდა გააკეთოს.

შეზღუდეთ ბრიფინგების რაოდენობა ეკონომიკურ არასამედიცინო ბლოგში და გადადით საქმის კეთებაზე, ნუ ქმნით პანიკურ მდგომარეობას ბევრი ბრიფინგით.

მკაფიოდ განსაზღვრეთ ყოველი დღის მთავარი გზავნილები, გააკეთეთ დამაჯერებლად, რომ მოიპოვოთ ჩვენში ნდობა. გამორიცხეთ ურთიერთგამომრიცხავი გაუგებარი და არასწორი გზავნილები.

გამოდით და თქვით, როგორც მინიმუმ ერთკვირიანი ანტიკრიზისული გეგმა კონკრეტული ნაბიჯებით, რათა საზოგადოება ყოველ დღე კი არ ელოდოს თუ რა იქნება ახალი, არამედ როგორც მინიმუმ ვიცოდეთ შემდგომი დღეების განმავლობაში თქვენი ნაბიჯები.

ყოველთვის როცა საჯაროდ საუბრობთ იფიქრეთ, რომ თქვენ გისმენენ საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესი. მათ უნდა დაინახონ, რომ თქვენ გაქვთ სტრატეგია, გეგმა და ხედვა რათა მოიპოვოთ ნდობა, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე