2020-03-26 12:13:00
EMC გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებაზე უარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 17 მარტს მიღებულ განჩინებას, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ, განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს - ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

EMC მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

EMC-მ 2020 წლის 12 თებერვალს, დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა განაჩენის აღსრულების გადავადება. შუამდგომლობის განხილვის მიზნით, წარდგენილი იქნა რამდენიმე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. 

"სასამართლოს მიერ განჩინებაში მითითებული გარემოებები, კერძოდ, სასამართლოს შეფასება, რომ ექსპერტიზის დასკვნებით ვერ დგინდებოდა მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, არ შეესაბამება რეალობას, რამდენადაც წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები დეტალურად მიმოიხილავს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დადგენილ დიაგნოზს, დაავადების განვითარების დინამიკას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემდგომი მკურნალობის უპერსპექტივობას და მოსალოდნელ არაკეთილსაიმედო პროგნოზს. ამასთან ერთად, სასამართლო პროცესზე ექსპერტებმა დაადასტურეს მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელების შეუძლებლობა." - წერია განცხადებაში.

წარდგენილ საჩივარში EMC უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არღვევს კანონის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად შეაფასოს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, მისცეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება და გადაავადოს გიორგი მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულება.

"EMC იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო მოახერხებს ამ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას და დეკანოზის მიმართ არაჰუმანური მოპყრობის პრაქტიკის ეფექტიან აღკვეთას." - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე