2020-03-24 15:47:35
ეროვნული ბანკი 25 მარტს, აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი 25 მარტს, აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს.

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და პანდემიის მომავალი განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინები ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი გაურკვევლობა, ეროვნული ბანკი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ნეგატიური შედეგების მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაციის მიმართულებით. სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით მიწოდების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ორი ინტერვენცია საერთო ჯამში 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ამავე დროს, როგორც ცნობილია, წინა წლებში ხორციელდებოდა რეზერვების დაგროვება.

მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა. საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს.

სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე