2020-02-14 16:41:32
ლობისტების მეშვეობით საერთაშორისო საზოგადოების აზრის შეცვლა, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია - ქადაგიძე

ლობისტების მეშვეობით საერთაშორისო საზოგადოების აზრის შეცვლა, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე აცხადებს. ქადაგიის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და ამას ლობისტური ჯგუფები ვერ უშველიან. 

"ლობისტური ჯგუფები, რომ ამ საქმეს შველოდნენ, მსოფლიოში ავტოკრაიტულ ქვეყნებს საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემა არ ექნებოდათ. ცხადია ეს ასე არაა. ლობისტები არის ეფექტური მექანიზმის იმისთვის, რომ ის დღის წესრიგი გაატარო, რაც ამ ქვეყნისთვის არის პრიორიტეტული. თუმცა ლობისტების მეშვეობით საერთაშორისო საზოგადოების აზრის შეცვლა, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია", - აღნიშნა ქადაგიძემ.

ცნობისთვის,  ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group AZ, L.L.C.-ს თვეში $33 333-ს გადაუხდის. პარტიიდან დოკუმენტს ხელს აწერს აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე.

დოკუმენტში წერია, რომ კომპანიამ პარტია ქართული ოცნება უნდა წარმოაჩინოს, როგორც სანდრო, პრაგმატული, დასავლეთის ლიბერალური იდეალებისა და დემოკრატიის ერთგული პარტნიორი.

მანამდე ქართულმა ოცნებამ კონტრაქტი გააფორმა ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-თან, რომელსაც თვეში $75 000-ს გადაუხდის.

ამასთანავე საქართველოს მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობების განმტკიცებისა და კავშირების დამყარებისთვის ლობისტურ კომპანია Chartwell strategy group-თან ხელშეკრულება განაახლა.

ლობისტურ კომპანიების დაქირავება ქართულმა ოცნებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ამერიკელი კონგრესმენები კრიტიკულ წერილებს უგზავნიან. წერილებში იყო გამოთქმული შეშფოთება მიმდინარე მოვლენების, აქციების დაშლის, პროპორციული სისტემის ჩაგდების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გამო და აღნიშნული იყო, რომ საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.  

ამავე თემაზე