2019-11-11 18:29:42
ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი, უმცროსი ომარ გამყრელიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატმა მოითხოვა და სასამართლოს 2 000 ლარიანი გირაო შესთავაზა. 

მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა 9 სექტემბერს  მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მოგვიანებით, შსს-მ ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. გამოძიება უმცროს ომარ გამყრელიძეს ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას ედავება, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან მხოლოდ ერთია ამოღებული. სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულთა საქმეები 14 აგვისტოს გაერთიანდა.  

ამავე თემაზე