2019-11-08 15:53:06
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შსს-ს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიდევ ერთხელ მიმართავს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება. 

სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი რადიო" უცვლელად გთავაზობთ: 

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება და სამართალდარღვევების შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება. დღეს მის ქმედებებზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაში ტოლერანტული და სიძულვილისა და აგრესიისაგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბება.

მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შსს-ს განცხადება, რომ მისი პოლიტიკა იქნება მკაცრი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ.

შსს-მ ასევე აქცენტი გააკეთა აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და დაცული უნდა იყოს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არავინ ემუქრება მათ, რომ არ მისცემენ მშვიდობიანი გამოხატვის შესაძლებლობას, დაარბევენ, ან ჩაუშლიან დემონსტრაციას. პირიქით, ისინი ემუქრებიან სხვებს.

იმედს გამოვთქვამ, არავინ გაცდება მშიდობიანი გამოხატვის ფარგლებს და იმოქმედებს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში!"-წერს სახალხო დამცველი "ფეისბუქ პოსტში".


 

ამავე თემაზე