2019-11-08 10:27:31
"და ჩვენ ვიცეკვეთ" ფილმის ქართული პრემიერა რეჟისორის გარეშე გაიმართება

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქართულენოვანი, შვედურ-ფრანგული ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული პრემიერა, რეჟისორის გარეშე გაიმართება. როგორც ლევან აკინმა, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა, ნოემბერში ის ლოს ანჯელესშია მიწვეული, ამიტომ თბილისში პრემიერას ვერ დაესწრება. ფილმის ოფიციალურ ფესბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში პრემიერას შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წარმომადგენლებიც არ დაესწრებიან.

„ამერიკის ხმა“, ფილმის ქართული წარმომავლობის შვედ რეჟისორს ნიუ-იორკში ესაუბრა. ნიუ-იორკის ლგბტქ კინოფესტივალზე, კინოსურათის პრემიერა 26 ოქტომბერს გაიმართა. პრემიერის შემდეგ, მაყურებელსა და რეჟისორს შორის, ვრცელი საუბარი გაიმართა. ლევან აკინმა ფილმის შესახებ, ფესტივალის სტუმრების კითხვებს უპასუხა და გადაღებებისას, საქართველოში შექმნილი წინააღმდეგობების შესახებ ვრცლად ისაუბრა. ფესტივალის წარმომადგენლის კითხვაზე, დაუჭირა თუ არა მხარი საქართველომ ფილმს, რეჟისორი პასუხობს, რომ - არა.

„არა, სამწუხაროდ არა. თავდაპირველად, ალტერნატიული ისტორია გვქონდა, ფრანგი ტურისტის შესახებ, რომელიც საქართველოში ჩადის და ქართულ კულტურას ეცნობა. ეს ასე ვთქვათ, ოფიციალური ვერსია იყო. გადაღებების დაგეგმვისას, ზოგიერთ ლოკაციაზე მუნიციპალიტეტის ნებართვა იყო საჭირო. როგორღაც, ფილმის რეალური სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და მუქარებიც მივიღეთ, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მუქარები.

პრობლემები შეგვექმნა მაშინაც, როცა ფილმისთვის მოცეკვავეს ნაციონალურ ანსამბლში ვეძებდით და მათ ვთხოვეთ დახმარება. ასე უფრო მარტივი იქნებოდა. მათთან მივედი, შვედეთის საელჩოსთან შეთანხმებით. ოფიციალური შეხვედრა იყო, მოვუყევი ფილმის შესახებ, რომ სიუჟეტი ორი ბიჭის სიყვარულის ამბავზეა. მისი [ნინო სუხიშვილის] სახე შეიცვალა, სრულიად თეთრი გახდა. "რატომ ბიჭები? რატომ უყვარდებათ ბიჭებს ერთმანეთი, ეს რა ისტორიაა?" - მკითხა მან და მითხრა, რომ ქართულ ცეკვაში გეი ადამიანები არ არიან. გაკვირვებული ვიყავი. მან მითხრა, რომ შეხვედრა დამთავრებულია. სხვათაშორის, ის გაეროს კეთილი ნების ელჩი იყო მაგრამ, უკვე აღარ არის, დაითხოვეს. ვფიქრობ, მათ მხარი უნდა დაეჭირათ ფილმისთვის. ვფიქრობ, ეს მათთვის სასარგებლო იქნებოდა, მეთი ტური ექნებოდათ სხვადასხვა ქვეყნებში. ვფიქრობ, მათი მხრიდან ეს დიდი შეცდომა იყო."

ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" ოსკარზე, შვედეთის სახელით არის წარდგენილი. საქართველოში, ამ დრომდე, ფილმის მხოლოდ დახურული ჩვენება გაიმართა. კინოთეატრებში პრემიერა კი 8, 9 და 10 ნოემბერსაა დაგეგმილი.

 

 

 

წყარო:„ამერიკის ხმა“

ამავე თემაზე