2019-11-05 13:15:39
თბილისის მერიის 2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო თანხების 69% “იმედზე” მოდის – IDFI

თბილისის მერიის მიერ 2018 წელს დახარჯული სატელევიზიო სარეკლამო თანხების 69% ტელეკომპანია “იმედშია” კონცენტრირებული. ამის შესახებ ინფორმაცია IDFI ავრცელებს გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ის ინფორმაციით, 2018 წელს თბილისის მერიამ ყველაზე მეტი თანხა დაახლოებით 361 ათასი ლარი “იმედზე” რეკლამის განთავსებაში დახარჯა.

ორგანიზაციის მიერ დღეს, 5 ნოემბერს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც 2017-2018 წლებში თბილისის მერიისა და საკრებულოს ხარჯებს ეხება. კვლევაში მოხვდა მერიის მიერ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ბიუჯეტიდან დახარჯული თანხებიც, რომელიც 2018 წელს ჯამში დაახლოებით 2.7 მლნ ლარია. 2017 წელს ამ მიზნით თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1.7 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა.

IDF-ის მიხედვით, ხარჯების ზრდა განაპირობა საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს შექმნამ, კერძოდ 2018 წლის ხარჯიდან 2 352 000 სააგენტოს ხარჯია. სააგენტოს მიერ დახარჯული 2.3 მილიონი ლარიდან ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯია, ხოლო უშუალოდ რეკლამაზე 2018 წელს სააგენტომ 675 656 ლარი დახარჯა.

აქედან 137 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა სოციალურ ქსელ Facebook-ზე განთავსებულ რეკლამაში. 526 ათას ლარზე მეტი – საინფორმაციო ვიდეორგოლების სატელევიზიო ეთერში განთავსებისათვის, ხოლო 12 ათას ლარამდე – საინფორმაციო რგოლების რადიოში განთავსებისათვის.

თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სარეკლამო რგოლების მხოლოდ სატელევიზიო ეთერში განთავსებისათვის სააგენტომ 2018 წელს ჯამში 519 ათასი ლარი გადაიხადა და ტელევიზიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

წყარო: IDFI

თბილისის მერიის ა(ა)იპ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო” 2018 წლის თებერვალში
შეიქმნა. სააგენტომ გააერთიანა მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და დანაყოფების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები. IDFI-ის ინფორმაციით, ადგილობრივ ბიუჯეტს 2018 წელს ახალი სააგენტოს თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა დაახლოებით ნახევარი მინილიონი ლარი დაუჯდა.

საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს გარდა, რეკლამაზე თანხა უშუალოდ თბილისის მერიამაც დახარჯა. უწყების მიერ რეკლამაზე დახარჯული 233 ათასი ლარი შემდეგნაირად გადანაწილდა:

127,926 ლარი – რეკლამის დამზადება;

86,857 ლარი – პირდაპირ ეთერში სატელემაუწყებლო მომსახურება, საიდანაც ნახევარი, 43 ათას ლარზე მეტი ტელეკომპანია “იმედში” კონცენტრირდა, 40 ათას ლარზე მეტი კი – ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში.

 17,829 ლარი – სოციალურ ქსელში სარეკლამო მომსახურებით მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადი, სოციალურ ქსელში სარეკლამო მომსახურებაზე უკუდაბეგვრით დღგ-ს გადასახადი და ინტერნეტით რეკლამის განთავსება.

 

 

 

წყარო: ნეტგაზეთი

ამავე თემაზე