2019-10-10 10:38:27
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 8,949, 777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც თბილისის მერიაზე 2,747,100 ლარი მოდის

2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 8,949, 777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც თბილისის მერიაზე 2,747,100 ლარი მოდის - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სარეზერვო ფონდების 2018 წლის ხარჯებზე კვლევას აქვეყნებს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949, 777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა – 2,747,100 ლარი.

“საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მოიცავს სარეზერვო ფონდებს, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს წლის განმავლობაში წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვა. სახელმწიფო ბიუჯეტის მსგავსად, სარეზერვო ფონდები გათვალისწინებულია ასევე ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა ბიუჯეტებში.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სარეზერვო ფონდი წარმოადგენს გაუთვალისწინებელ, საგანგებო და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით განსაზღვრულ სახსრებს. შესაბამისად, სარეზერვო ფონდის მიზანია წლის განმავლობაში წარმოქმნილი ისეთი ხარჯების დაფარვა, რომელთა გათვალისწინებაც ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მაგალითად, სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები. სარეზერვო ფონდი არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების (გამოყოფილი თანხების) მთლიანი ოდენობის 2%-ს.

IDFI-მ შეისწავლა 2018 წლის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა სარეზერვო ფონდების ხარჯვის პრაქტიკა და წარმოგიდგენთ მის მოკლე შეჯამებას:

– მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. აღნიშნული კი ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს.

– 2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949, 777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა – 2,747,100 ლარი.

– ყველაზე მაღალი დანახარჯების მქონე პირველი 10 მუნიციპალიტეტის მიერ სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯები კვლევის ობიექტი 60 მუნიციპალიტეტის მიერ დახარჯული საერთო თანხის 76%-ს შეადგენს.

– 2018 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტთა სარეზერვო ფონდების ჯამური ხარჯის უდიდესი ნაწილი – 30% ფინანსურ დახმარებას მოხმარდა და მან 2,653,706 ლარი შეადგინა.

– ფინანსური დახმარებების შემდეგ სარეზერვო ფონდებიდან ყველაზე მეტი თანხა (2,212,756 ლარი), სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოხმარდა.

– საერთო ხარჯების 15%-ის შემთხვევაში მიზნობრიობა სრულად უცნობია. კერძოდ, 7-მა მუნიციპალიტეტის მერიამ (ქუთაისი, ბორჯომი, ქობულეთი, მარნეული, ლენტეხი, ცაგერი, ლანჩხუთი) სარეზერვო ფონდებიდან ჯამში 1 367 811 ლარის ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.

– 2018 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია კაპიტალური პროექტები, რომლებზეც მითითებული მიზნობრიობიდან არ იკვეთება ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მისი გათვალისწინების შეუძლებლობა და შესაბამისად სარეზერვო ფონდიდან მისი დაფინანსების აუცილებლობა. მაგალითად, თბილისის მერიამ ვარდების მოედანზე განთავსებული 300 წლის ზეთისხილის ხის ირგვლივ არსებული ზღუდის რელიეფური ქვის კვადრატებით მოპირკეთების ხარჯების ასანაზღაურებლად გამოყო 155 360 ლარი.

– ცალკეულ შემთხვევებში სარეზერვო ფონდები გამოიყენება კულტურული, სპორტული და საგანმანთლებლო ღონისძიებების დასაფინანსებლად. მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ღვაწლმოსილი ადამიანებისათვის 2,157 ლარად შეიძინა შეკვეთილში მდებარე ბლექსი არენა ჯორჯია საკონცერტო დარბაზის ბილეთები.

– ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ეფექტიანი დაგეგმვა პრობლემურია როგორც გეგმიურ მაჩვენებელზე გადაჭარბების, ასევე მისი ვერ ათვისების თვალსაზრისითაც. მაგალითად, 2018 წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდებიდან თანხა საერთოდ არ დაუხარჯავთ გორის, კასპის, ყაზბეგის, წალკის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებს, რომელთა სარეზერვო ფონდების საერთო გეგმიური ოდენობა 2018 წლის ბიუჯეტების მიხედვით 280 ათას ლარს შეადგენდა”, – აღნიშნულია IDFI-ს კვლევაში.

ამავე თემაზე