ჩემი ნათქვამი და კონტექსტიდან ამოიღეს, არ მიგულისხმია, რომ ვისაც ტაქსისთვის ფული არ ეყოფა, მეტროთი უნდა იარონ - ამის შესახებ განცხადება, თბილისის მერმა კახა კალაძემ, "ტვ პირველის" ეთერში გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას გააკეთა. როგორც მან განმარტა, მას არ უგულისხმია, რომ ვისაც გაძვირებული ტაქსისთვის ფული არ ეყოფა, მეტროთი ან ავტობუსით უნდა იარონ. მისი თქმით, ეს არასწორი კონტექსტია.
"მე ვსაუბრობდი მაშინ დეკემბერში და ახლაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მთავარი ამოცანა რა არის ჩვენთვის? რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისეთი პოპულარული გახდეს, რომ ადამიანებს საკუთარ ავტომობილებზე ვათქმევინოთ უარი. რაც შეეხება ტაქსს, მას ყავს თავისი კლიენტი. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ ამ პროექტის და სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც წამოვიწყეთ და საკმაოდ ამბიციურია, სერიოზულ კონკურენციას გავუწევთ ტაქსებს. გვეყოლება ახალი ავტობუსები, რომელსაც ექნება სპეციალური ზოლები ქალაქში, მოწყობილი იქნება ინფრასტრუქტურა... აი, ეს იყო ჩემი ნათქვამი და კონტექსტიდან ამოიღეს იმ თვალსაზრისით, რომ თუ ტაქსით მგზავრობა არ გინდათ აგერ იარეთ ავტობუსით ან ჩადით მეტროში", - განაცხადა კალაძემ.