2019-10-08 15:19:07
ოქრუაშვილი, თავს დამნაშავედ არ სცნობს, არანაირ გარიგებაზე და საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება - ოქრუაშვილის ადვოკატი

ის, რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ სცნობს, არანაირ გარიგებაზე და საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება - ამის შესახებ განცხადება, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. 

„იცით, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი. წინა სხდომაზე ჩემი შუამდგომლობა დააკმაყოფილა სასამართლომ და ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების ნაწილი ცალკე წარმოებად გამოყო და შესაბამისად, ეს საქმე სხვა მოსამართლეს გადაეწერა. დღეს კი უკვე პირველი სხდომა გვაქვს, არსებითი განხილვა. სხვა შუამდგომლობა ამ ეტაპზე არ მაქვს. ირაკლი ოქრუაშვილი ცალსახად მის დაკავებას და ამ საქმის წამოწყებას ბოლოდროინდელ გააქტიურებას უკავშირებს და ასევე მის კანონიერ პრეტენზიებს "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით. ის, რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ სცნობს, არანაირ გარიგებაზე და საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომის არსებით განხილვას არ დაესწრო. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ მას სასამართლო სხდომებზე დასწრების სურვილი არ აქვს.

ამავე თემაზე