2019-10-04 16:49:05
ერთ დღეს საქართველო ნატო-ს წევრი გახდება - როუზ გოტმიოლერი

ერთ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ველოდები ამ დღეს, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა „ოქროს საწმისის“ ორდენით დაჯილდოების შემდეგ განაცხადა. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი, რომელიც ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ოქროს საწმისის“ ორდენით დააჯილდოვა. როუზ გოტმიოლერის თქმით, საქართველო ერთ დღეს ნატო-ს წევრი გახდება.

“ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას. ჩემთვის პატივია ასეთი პრესტიჟული, “ოქროს საწმისის“ ორდენი. ნატო-ს უნიკალური პარტნიორობა საქართველოსთან 30 წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში ჩვენი კავშირები მხოლოდ გაღრმავდა. საქართველო გახლავთ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი, რომელიც აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს გადავისროლოთ ძალები მოკლე პერიოდში, სადაც კი საჭიროა“, – განაცხადა გოტმიოლერმა.

როუზ გოტმიოლერის თქმით,  ნატო-საქართველოს ერთად ჩატარებული სამუშაოთი კმაყოფილია. აქვე აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

“ამ საზეიმო მომენტში მინდა ყველა იმ მამაც მეომარს პატივი მივაგო, რომელმაც სიცოცხლე დათმო ავღანეთის მისიაში. ჩვენ ჭეშმარიტად მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას. ნატო-ს მხარდაჭერის არსებითი პაკეტი, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ჩვენ კონსულტაციებს ვახორციელებთ კიბერსაფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით. წვრთნები, რომელიც საქართველოში გაიმართა და რომელშიც 24 მოკავშირე იყო ჩართული, გვავალდებულებს კიდევ უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ, იმისათვის, რომ ერთიანი უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ. მე, ძალიან ვამაყობ იმ სამუშაოთი, რაც ნატო-მ და საქართველომ ერთად ჩაატარეს. განსაკუთრებით საქართველოს მისწრაფების მხარდასაჭერად, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ველოდები ამ დღეს. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. ეს ჩემთვის დიდი პატივი გახლავთ და საქართველოსთან მუშაობის გაგრძელებას ველოდები“, – განაცხადა გოტმიოლერმა.

ამავე თემაზე