2019-09-11 18:38:57
"ჩვენმა მხარემ ჩორჩანაში საგუშაგო ისე დააყენა, რომ არ განიხილა ეს ერგნეთის შეხვედრაზე, ეს აუცილებლად გამოიწვევდა საპასუხო რეაქციას" - ზქარეიშვილი

ჩვენმა მხარემ ჩორჩანაში საგუშაგო ისე დააყენა, რომ არ განიხილა ეს ერგნეთის შეხვედრაზე, ეს აუცილებლად გამოიწვევდა საპასუხო რეაქციას - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ჩორჩანასთან შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას განუცხადა, სადაც საოკუპაციო ძალები ორ საგუშაგოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აშენებენ.

„მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, რომ ისინი ვერ ფლობენ სიტუაციას და არ იციან, როგორ იმოქმედონ კონფლიქტის მართვის მიმართულებით, აღარ ვსაუბრობ გადაწყვეტაზე, ამაზე ოცნებაც აღარ გვაქვს, მართვაც არ შეუძლიათ. ჩვენ სამწუხაროდ, როგორც წესი, გვაქვს სტატიკური და არა დინამიური აზროვნება, მოვლენებს შორის კავშირებს ვერ ვხედავთ ხოლმე. მაშინ ჩვენმა მხარემ ჩორჩანაში რომ დააყენა საგუშაგო ისე, რომ არ განიხილა ეს ერგნეთის შეხვედრაზე, ეს აუცილებლად გამოიწვევდა საპასუხო რეაქციას,“- აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

კითხვაზე, სხვა დროს თუ განიხილებოდა საგუშაგოს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში და რამდენად ეფექტიანი იყო ეს გზა, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ განიხილებოდა და საკმაოდ ეფექტიანიც.

„ერგნეთი იმიტომ არსებობს, რომ ამ ტიპის ნაბიჯები იქნას განხილული, ეს არის გამყოფი ხაზი და ერგნეთი იმიტომ შეიქმნა, რომ ინციდენტების პრევენცია მოხდეს. სიტუაცია რომ უკონტროლო არ იყოს, საჭიროა რაღაც საკითხების სულ ცოტა განხილვა, თუმცა, სჯობს შეთანხმება. ათეულობით საგუშაგო დგას იქ და ყველა განხილულია. თუ პერევის საგუშაგოს განხილვა შეიძლებოდა, მაშინ რატომ არ შეიძლებოდა ჩორჩანასთან საგუშაგოს დაყენების საკითხის განხილვა? ვერ ამოვხსენი ეს ნაბიჯი ქართული მხრიდან, რასაც მოჰყვებოდა აუცილებლად ვერაგული პასუხი,“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამავე თემაზე