2019-09-11 11:30:00
აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია – საქსტატი

აჭარაში 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, გასული წლის პირველ ორ კვარტალში უცხოურმა ინვესტიციებმა აჭარაში 76 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2019 წლის პირველ ორ კვარტალში კი – 48,6 მილიონი აშშ დოლარი.

2019 წლის პირველ კვარტალში აჭარაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 26 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ამავე წლის მეორე კვარტალში – 22,5 მილიონი აშშ დოლარი. 5,5-ჯერ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით.

ამ თემაზე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,5-ჯერ შემცირდა

თუ რა რაოდენობის უცხოური, ასევე, ადგილობრივი კერძო სექტორის ინვესტიციები განხორციელდა აჭარაში 2017 და 2018 წელს – ამ ინფორმაციის მისაღებად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით 2019 წლის დასაწყისში მივმართეთ, თუმცა სამინისტროდან ასევე წერილობით გვიპასუხეს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ.

ამ თემაზე: აჭარის ეკონომიკის სამინისტრო: რეგიონში კერძო ინვესტიციებზე ინფორმაციას არ ვფლობთ

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2019 წლის მე-2 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთელი ქვეყნის მასშტაბით 53.7%-ით შემცირდა. მე-2 კვარტალში ქვეყანაში სულ 187 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ანუ 216.6 მლნ აშშ დოლარით ნაკლები, ვიდრე 2018 წლის შესაბამის პერიოდში.

 

 

ამავე თემაზე