2019-09-11 10:22:58
"როგორც კი საქართველო ნატოს წევრი გახდება, ვეღარ შეგვიტევენ, ან როგორც მინიმუმ, ბევრად უფრო დაცულები ვიქნებით" - ბოკერია 

როგორც კი საქართველო ნატოს წევრი გახდება, ვეღარ შეგვიტევენ, ან როგორც მინიმუმ, ბევრად უფრო დაცულები ვიქნებით - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს"ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, "ტვ პირველის" გადაცემაში საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ოკუპირებული ცხინვალიც და აფხაზეთიც რუსეთისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია მთელ რეგიონში ბატონობისთვის

"ჩვენი ოპონენტები და მათ შორის სკეპტიკოსები ევროპაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას იყენებენ როგორც საფრთხეს, - "ვერ მიგიღებთ ნატოში, იმიტომ, რომ ტერიტორიები გაქვთ ოკუპირებული და თუ მიგიღებთ, ეს ნიშნავს ომს რუსეთთან". ამიტომ აბსოლუტურად გონივრული ნაბიჯია და ანდერს რასმუსენს კი არ აქვს მოფიქრებული, ეს ჯერ კიდევ ატლანტიკური საბჭოს ძალიან კარგი მოხსენება იყო საქართველოსთვის, რომ სწორია, ამ საბაბს თუ არგუმენტს სკეპტიკოსებისგან ვუპასუხოთ რაციონალურად და ვუთხრათ, რომ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე ნატოს მე-5 მუხლი არ ვრცელდება, რადგან რუსეთთან ომის დაწყებას არავინ აპირებს, თუ რუსეთი დანარჩენ საქართველოს აღარ დაესხმება თავს. 

რა გამოდის, რას გვთავაზობს ინაშვილი, ომი რომ დაიწყოს რუსეთთან? ეს ხომ იგივე ხალხია, ვინც ყოველდღე ჩვენს მოქალაქეებს აშინებს, რომ ომი არ გვინდა რუსეთთან, თითქოს ვინმეს უნდა ომი. სწორედ იმიტომ, რომ ომი არავის არ უნდა რუსეთთან, საჭიროა, რომ ეს იყო მკაფიოდ ნათქვამი, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატოში, საქართველოს არაოკუპირებული ნაწილი იქნება დაცული მე-5 მუხლით, რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს, ეს არ იქნება მარტივი პროცესი, მაგრამ მშვიდობიანად მოხდება აღდგენა, იმიტომ, რომ რუსეთს დანარჩენი საქართველოს დამხობის შანსი აღარ ექნება. 

ჩვენ გვინდა ომის თავიდან აცილება და იმისთვის, რომ ომი თავიდან ავიცილოთ, საქართველოს არაოკუპირებული ნაწილი მე-5 მუხლით უნდა იყოს დაცული და ტერიტორიული მთლიანობა იქნება საერთაშორისო თვალსაზრისით პირიქით, გამყარებული. შესაბამისად, ჩვენც გვჭირდება დაცვა, რომ მეტი ვეღარ შეგვიტიონ. ცხინვალიც და აფხაზეთიც, რომელიც ჩვენთვის არის განუყოფელი ნაწილი, უძვირფასესი, რომელსაც არასოდეს არ დავთმობთ, რუსეთისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი მთელ რეგიონში ბატონობისთვის. ამიტომ, როგორც კი საქართველო ნატოს წევრი გახდება, როგორც ბალტიისპირეთი გახდა, ისინი ვეღარ შეგვიტევენ, ან როგორც მინიმუმ, ბევრად უფრო დაცულები ვიქნებით.

მაგრამ რუსული პროპაგანდის ამოცანაა, მოატყუოს საზოგადოება, ამოგლიჯეს ეს კონტექსტიდან და იძახიან, აფხაზეთის  დათმობას გვთხოვენო, თითქოს ისე გვიბრუნებს რუსეთი აფხაზეთს. სწორედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებისთვის არის საჭირო, რომ ჩვენ ვიყოთ დაცული და შეგვეძლოს მშვიდობიანად იძულება რუსეთის, რომ დათმოს ტერიტორიები. სანამ დანარჩენი საქართველო დაცული არ არის, აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს რუსეთი არ დათმობს, რადგან ექნება ილუზია, რომ მთელ საქართველოს ჩაიგდებს ხელში" - აცხადებს  ბოკერია.

ამავე თემაზე