2019-09-10 19:25:31
„რუსი მაღალჩინოსნების მიერ ნათქვამ სიმართლეს არასდროს აღვიქვამთ სიმართლედ, თუ რაიმე პოზიტიურს ამბობენ, ჩვენ მაშინვე ეჭვი გვეპარება - ლიეტუველი დეპუტატი

რუსი მაღალჩინოსნების მიერ ნათქვამ სიმართლეს არასდროს აღვიქვამთ სიმართლედ, თუ რაიმე პოზიტიურს ამბობენ, ჩვენ მაშინვე ეჭვი გვეპარება - ამის შესახებ განცხადება, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ლიეტუველმა დეპუტატმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა გააკეთა. მისი თქმით, ევროპა საქართველოს სამართლიანად უნდა მოექცეს, რადგან თუ ახლა საქართველო ნატო-ს წევრობის მოლოდინში დარჩება, მაშინ ამ სივრცეს რუსეთის ბნელი ფერები შეავსებს.

„რუსი მაღალჩინოსნების მიერ ნათქვამ სიმართლეს არასდროს აღვიქვამთ სიმართლედ. თუ რუსები რაიმე პოზიტიურს ამბობენ, ჩვენ მაშინვე ეჭვი გვეპარება, რომ რაღაც არასწორად ხდება ჩვენს პოლიტიკაში. თუ რუსები ამბობენ, რომ რაღაც არასწორია, ჩვენ მათ ტაშს ვუკრავთ და ვამბობთ, რომ ეს გამარჯვებაა. თქვენ ყველას გახსოვთ ბუქარესტის სამიტი. ისინი ამბობენ, რომ ნატო-ს გაფართოება რუსეთის თავდასხმის პროვოცირებას გამოიწვევს. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ტყუილია. იმედი მაქვს, დასავლეთში ამ გაკვეთილს აითვისებენ.

როდესაც მე მივდივარ კანცლერ მერკელთან, ყოველთვის ვახსენებ მათ, რომ პუტინმა გაგაცურათ. ვეუბნები, რომ სწორედ თქვენმა უმოქმედობამ უბიძგა რუსეთს ოკუპაციისკენ. ასე რომ, ჩემი რჩევაა, ყოველთვის მოიქეცით ისე, როგორც ეს რუსეთს არ სურს. გქონდეთ თქვენი დღის წესრიგი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პოლიტიკა საბჭოთა ან რუსულ ტყუილზე იქნება აგებული. მაკკეინი ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთი არის ბენზინგასამართი სახელმწიფო, რომელსაც მაფია მართავს. რა თქმა უნდა, მაფია მუდამ იტყუება და ეს გასაკვირი არაა. საბჭოთა კავშირი აგებული იყო ტყუილზე და რუსეთიც ასე აგრძელებს. ასე რომ, აუცილებელია გქონდეთ თქვენი სიმართლე, სტრატეგია და ხედვა.

ევროპა სამართლიანად უნდა მოექცეს საქართველოს, ისევე როგორც მოგვექცა ჩვენ, რადგან თუ ახლა საქართველოს ნატო-ს წევრობის მოლოდინში დატოვებთ, მაშინ ამ სივრცეს რუსეთის ბნელი ფერები შეავსებს. შემდეგ რუსეთი მათ ნათელ ფერებად მონათლავს. ეს ხომ ტყუილია, ჩვენ კი სიმართლისთვის ვიბრძვით. ასე რომ მკაფიოდ უთხარით ქართველებს, რა უნდა გააკეთონ, რომ ნატო-ში გაწევრიანდნენ. დაასახელეთ ხუთი ან ათი ნაბიჯი, რომელიც საქართველომ ნატო-ს წევრობისთვის უნდა გადადგას. ახლა ჩვენ ამას არ ვეუბნებით ქართველებს, ჩვენ უბრალოდ ვთხოვთ მათ, რომ საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ მათ ე.წ. ნაცრისფერ ზონაში ვტოვებთ, რითაც მოსკოვს ახალი მიწების წაღების საშუალებას ვაძლევთ“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ამავე თემაზე