2019-09-09 17:30:52
"თუ არსებობს ექსპერტიზის შედეგები ან დამატებითი მტკიცებულებები, ხაზარაძემ სასამართლოში უნდა წარადგინოს" - თალაკვაძე

თუ არსებობს ექსპერტიზის შედეგები ან დამატებითი მტკიცებულებები, ხაზარაძემ სასამართლოში უნდა წარადგინოს - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ექსპერტიზამ სერიოზული შედეგები დადო.

​„რაც მთავარია „თიბისი“ , რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული საფინანსო ინსტიტუტი ქვეყანაში, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ის იმ კანონმდებლობით და საერთო პირობებით სარგებლობს, რომლითაც სხვა კერძო ბანკები საქართველოში. შესაბამისად, არავითარი საფრთხე „თიბისი ბანკის“ წარმატებას და მომავალ ფუნქციონირებას არ ემუქრება. რაც შეეხება ხაზარაძეს და მის დავას, ამასთან დაკავშირებით მე პოლიტიკურ კომენტარს არ გავაკეთებ, ვინაიდან ეს არის გამოძიების და მართლმსაჯულების ინსტიტუტების საქმე. მოდით, მივცეთ საშუალება მართლმსაჯულების სისტემას, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. რაც მთავარია, როგორც ჩვენ, სახელმწიფოს, ასევე მათ ინტერესებში შედის ის, რომ ეს საქმე დროულად ამოიწუროს და კითხვები, რომელიც არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხები გაეცეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამავე თემაზე