2019-08-22 15:39:01
ერთიანობა ჩვენთვის გადამწყვეტია – რ2 “P.S”-ის გუნდმაც დატოვა

რუსთავი 2 კურიერი P.S-ის გუნდმა დატოვა.

განცხადება გადაცემის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. 

"რუსთავი 2-ის 25-წლიან ისტორიასთან ერთად დასრულდა საქართველოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ანალიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმიც“. სატელევიზიო ფორმატი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში არ დაუკარგავს უმაღლესი რეიტინგი და მაყურებელი. პირველიდან უკანასკნელ დღემდე ჩვენ ვირჩევდით საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო თემებსა და მოვლენებს, გიყვებოდით არა მხოლოდ იმას, რა მოხდა, არამედ იმას, რატომ მოხდა, როგორ მოხდა და რა გაგრძელება ექნებოდა. საქართველოს უახლესი ისტორია იწერებოდა გადაცემით, რომელსაც მაყურებელი ყოველ კვირას, 9 საათზე ელოდა და რომელსაც ამ ქვეყნის ყველაზე გამოცდილ და ნაბრძოლ ჟურნალისტთა და ოპერატორთა პატარა გუნდი ამზადებდა.

რამდენიმე დღის წინ სრულიად გაუფრთხილებლად მოგვიხსნეს საავტორო გადაცემის წამყვანი და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რის შესახებაც მხოლოდ პირდაპირი ეთერით გავიგეთ. ეს გადაწყვეტილება აღარ გვიტოვებს არჩევანს - მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, წაგვერთვა შესაძლებლობა, ვაკეთოთ ისეთი გადაცემა, როგორსაც ვაკეთებდით და ვთქვათ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ.

სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად, ერთიანობა და გუნდურობა ჩვენთვის გადამწყვეტია. ამიტომ ერთობლივად მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება, დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხელით ნაშენები დაცარიელებული ტელევიზია და გუნდისგან დაცლილი „პოსტსკრიპტუმი“ - მხოლოდ ლოგო და მხოლოდ სახელი - იმისთვის, რომ ისევ ერთად გავაგრძელოთ იმავე საქმის კეთება.

ჩვენს მაყურებელს არ ეღალატება.

არ გემშვიდობებით!

გვინდა გითხრათ - ნახვამდის. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე!

სულ მალე!", - წერია P.S-ის განცხადებაში. 

რუსთავი 2 გუშინ, 21 აგვისტოს დატოვეს კურიერის ჟურნალისტებმა და ოპერატორების ნაწილმა. 

2 დღეა, რუსთავი 2-ის ეთერში არ გადის საინფორმაციო გამოშვება. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. 

მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, კურიერი ეთერში აღარ გასულა. 

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ "ინტერესთან კონფლიქტის" მოტივით გაათავისუფლა. 

კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე. 

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ნიკა გვარამიამ 17 აგვისტოს ახალი, "მთავარი არხი" დაარეგისტრირა, დღეს, 21 აგვისტოს კი განაცხადა, რომ ორშაბათიდან თანამშრომლებთან კონტრაქტის გაფორმებას იწყებს. 

ამავე თემაზე