2019-08-13 17:48:08
პრეზიიდენტისგან ყველაფერზე აზრის გამოთქმა აუცილებელი არ არის - პესკოვი რუსეთში მიმდინარე აქციებზე

პრეზიდენტი პუტინი მოსკოვში მიმდინარე აქციებს ყურადღებას აქცევს, თუმცა ქვეყანაში ბევრი რამ ხდება და ყველაფერზე აზრის გამოთქმა აუცილებელი არ არის - ეს განცხადება, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. 

მისი თქმით, ასეთი გამოსვლები თითქმის ყველა ქვეყანაში ხდება და არ არის სწორი მათ პოლიტიკური კრიზისი დავარქვათ.

„ჩვენ იმ ადამიანებს არ ვეთანხმებით, რომლებიც მომხდარს პოლიტიკურ კრიზისს უწოდებენ. ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში, მთელ მსოფლიოში ტარდება საპროტესტო აქციები“, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა. ამას გარდა, პესკოვმა განაცხადა, რომ სიტუაციას მოსკოვის ადგილობრივი ხელისუფლებაც აკვირდება და თან ეს მათი უშუალო საქმეა.

პესკოვის თქმით, მოსკოვის სათათბიროში არჩევნებთან მიმართებაში ყველა რეზონანსულ და სადავო საკითხს პასუხი გაეცემა, ამ მიმართულებით შიდა და სამსახურებრივი მოკვლევები, ასევე ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა მოქმედების კანონიერების შეფასება სასამართლოს საქმეა. „ჩვენ არ შეგვიძლია და ემოციებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ. ფრაზების: „ძალის უკანონო გამოყენება“, „არჩევნებიდან უკანონოდ მოხსნა“, „უკანონო დაკავებები“ - გამოყენება მხოლოდ უწყებას შეუძლია, რომელიც ამ ფაქტებზე სამსახურებრივ მოკვლევას ჩაატარებს, ან სასამართლოს. ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია და არ გვაქვს ამის უფლება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ძალის არაპროპორციული გამოყენება ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან აბსოლუტურად დაუშვებელია.

„სამართალდამცავების მკაცრ მოქმედებებს საზოგადოებრივი უწესრიგობის აღსაკვეთად კი აბსოლუტურად გამართლებულად მივიჩნევთ. სასამართლო სარჩელების არსებობისას ყველაფერი სათანადოდ უნდა გამოიძიონ და შემდეგ ისინი სასამართლომ უნდა განიხილოს“, - თქვა პესკოვმა.

ამავე თემაზე