2019-08-12 17:42:46
20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები საქართველოს ავიაბაზარზეც აისახა - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები საქართველოს ავიაბაზარზეც აისახა - თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამურად 10%-პროცენტიანი კლება აღინიშნება - ამის შესახებ განცხადება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა გააკეთა. 

საღირაშვილის კომენტარს, ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მისი თქმით, კლების ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის გაზრდა 9-10 პროცენტით იყო გათვლილი. 

„ივლისში მგზავრთანაკადის ჯამურ მაჩვენებელს ამ ორ აეროპორტში უნდა მიეღწია 590 ათასისთვის, რის ნაცვლადაც მივიღეთ მხოლოდ 485 ათასი მგზავრი. მხოლოდ ივლისში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს 105 ათასი მგზავრი დააკლდა," - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა

სამინისტროს განცხადებით, წინა ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა მგზავრთნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა. 

„2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით (იანვარი-ივნისი) საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 2,487,575 მგზავრს მოემსახურა, რაც 18%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს - 2018 წელს 2,103,126 მგზავრი. 

სამწუხაროდ, ნაცვლად ზრდის ამ დინამიკის შენარჩუნებისა, გვაქვს სერიოზული კლება ივლისის თვიდან. 

შესაბამისად, 2019 წლის 7 თვეში ჯამში ნაცვლად 18%-იანი ზრდის შენარჩუნებისა, ზრდის მაჩვენებელი დაეცა 12 პროცენტამდე და ეს ტრენდი დაღმავალია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამავე თემაზე