2019-08-07 10:22:06
"პუტინის შეხვედრა ხაჯიმბასთან წარმოადგენს მორიგ უკანონო მცდელობას, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია"- ვლადიმერ კონსტანტინიდი       

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავის წინ, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან წარმოადგენს მორიგ უკანონო მცდელობას, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია და დააკანონოს საკუთარი კონტროლი ოკუპირებულ რეგიონებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრის შესახებ.

კონსტანტინიდის შეფასებით, რუსეთის აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს.

„რუსეთის მსგავსი მცდელობების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას. საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, რაც თვალსაჩინოდ აისახება როგორც ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და დოკუმენტებში, ასევე მათ ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას სოჭში შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

ამავე თემაზე