2019-07-31 17:02:12
20 ივნისის შემდეგ მიმდინარე მოვლენების ანალიზს გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება - ცქიტიშვილი

20 ივნისის შემდეგ მიმდინარე მოვლენების ანალიზს გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით აცხადებს. მისივე თქმით, ლარს პირველ რიგში სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა.  

„როდესაც 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე მოვლენების ანალიზს გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირის გინება, ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციები, მილიონ ნახევარი ტურისტის პრაქტიკულად დაკარგვით, ამ ყველაფერით ვიღებთ იმ სურათს, რასაც ვიღებთ დღეს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ის ასევე გამოხმაურება ექსპერტების ნაწილის განცხადებას, რომ სახელმწიფოს არ აქვს პროგრამა და განაცხადა, რომ ეს არის ტყუილი.

„სახელმწიფოს ყველა ქმედება, იქნება ეს ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში, ყველა ეს ქმედება მიმართულია, რომ ჩვენი ბიზნესი და ჩვენი გლეხები, მეწარმეები გაძლიერდნენ. ვუწყობთ ხელს ყველა პროგრამით იმისთვის, რომ შექმნან საწარმო შესაძლებლობები, გაყიდონ პროდუქცია, მოიზიდონ ტურისტები, ამით შემოიტანონ ჩვენს ეკონომიკაში უცხოური ვალუტა და ამით გავაძლიეროთ ლარი, ყველაფერი ეს ფუჭია მაშინ, როდესაც გარკვეული რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ და მუდმივ რეჟიმში ვიყოთ გადატრილების და რევოლუციების ჭრილში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.   

ამავე თემაზე