2019-06-11 18:28:01
ბიძინა ივანიშვილი ისევ უმსხვილესი პანამელი ინვესტორია

ბიძინა ივანიშვილი ისევ უმსხვილესი პანამელი ინვესტორია - BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $281 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.3%-ით ნაკლებია. 

უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეულში “ტურიზმის განვითარების ფონდიც” შედის, რომელიც საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. 

ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 10 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. 

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2014 წლის 3 ნოემბერს დაფუძნდა. კომპანიის იურიდიული მისამართი "ქართუს" სათაო ოფისში, ჭავჭავაძის 39ა-ში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. 

მთლიანობაში საანგარიშო პერიოდში პანამიდან განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 16.7 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ ტურიზმის განვითარების ფონდზე მოდის. 

უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების რეიტინგი ასეთია (ინფორმაცია მოწოდებულია რიგითობის გარეშე): 

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი 
შპს მაგთიკომი 
შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი 
სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური 
სს RMG Copper 
შპს ტოიოტა კავკასია 
შპს აი-ბი-ჯი ჰოლდინგ 
შპს სითი ლოფთი 
შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 
BP ჯგუფი 

2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი - $133 მილიონიანი ინვესტიცია საქართველოში ირლანდიიდან შემოვიდა. აღნიშნული თანხა აზარტული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშის - აჭარაბეთის 51%-იანი წილის შეძენაზე დაიხარჯა. დღეის მდგომარეობით კომპანიის საკონტროლო პაკეტს ირლანდიური კომპანია Flutter-ი ფლობს.

ამავე თემაზე