2019-05-16 12:38:02
პირი, რომელიც ზვიად გამსახურდიას დევნისა და ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდა ზუგდიდში ჩაიყვანეს და "ოცნების“ საარჩევნო შტაბში დაასაქმეს

პირი, რომელიც ზვიად გამსახურდიას დევნიდა და სამეგრელოში დასდევდა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში დაასაქმეს - განცხადდება ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა.

მისი თქმით, გია მხეიძე თბილისიდან ზუგდიდში საგანგებოდ ჩაიყვანეს.

ოპოზიციის ინფორმაციით, მხეიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ხელმძღვანელობდა ინციდენტებს ჯიხაშკარში, როდესაც ის საარჩევნო უბნები დაარბიეს, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებდა.

მხეიძე შევარდნაძის ხელისუფლების დროს აფხაზეთის შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი მხრივ, 1993-1994 წლებში უშუალოდ მონაწილეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნისა და ლიკვიდაციის ოპერაციაში. ეს ოპერაცია პირველი პრეზიდენტის სიკვდილით დასრულდა. ასევე, ეს ადამიანი შევარდნაძის დროს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აფხაზეთის, მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციაში. გია მხეიძე ასევე ცნობილია 2016 წელს ჯიხაშკარში საარჩევნო უბნების დარბევით, რისთვისაც იხდიდა სასჯელს, იყო ბრალდებული, შემდეგ ხელისუფლების მიერ იქნა გათავისუფლებული პირობითი სასჯელით. დღეს გია მხეიძის ჩამოყვანა ზუგდიდში განსაკუთრებით იმ დაძაბული ვითარების ფონზე, რაც შექმნილია წინაასარჩევნოდ, მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ძალადობა საარჩევნო უბნებზე, ადამიანების ნებაზე,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გია მხეიძის გვარი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც მოხვდა, როგორც ადამიანის, რომელიც პირველი პრეზიდენტის დევნის ოპერაციას ახორციელებდა.

ამავე თემაზე